მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არის შემთხვევები, როცა კონკრეტულ მარშრუტებზე არაა საკმარისი მიკროავტობუსი”- კალაძე რეფორმის ხარვეზებზე

625684e91272f
ანუკა ჯოხაძე
13.04.22 12:33
1672
თბილისში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი 2022 წელს შემოვა, თუმცა 18-მეტრიანი ავტობუსები ქალაქში, ჯერ 2020 წლიდან, შემდეგ კი უკვე 2021 წლიდან უნდა გამოჩენილიყო.

კახა კალაძის გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ 18-მეტრიან ავტობუსებს სწრაფ, 10 სატრანზიტო დერეფანში უნდა ევლოთ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, დედაქალაქში 10 სატრანზიტო დერეფანზე მუშაობა კი მიმდინარეობს, თუმცა 18-მეტრიანი ავტობუსების არარსებობის გამო იმ ეფექტს დღეს ვერ ვხედავთ, რაც რეალურად რეფორმას უნდა მოეტანა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სატრანსპორტო რეფორმის ხარვეზები აღიარა და განაცხადა, რომ არის შემთხვევები, როცა კონკრეტულ მარშუტებზე საკმარისი არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მისი თქმით, ხარვეზებს მერია აკვირდება და პერიდულად მიმდინარეობს ტრანსპორტის დამატება.

"ავტობუსის ზოლების გამოყოფა ხდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეუფერხებლად და სწრაფად მოხდეს. ქსელის დანერგვის პარალელურად დასრულდა ავტობუსების და მიკროავტობუსების პარკის განახლება, რამაც კიდევ უფრო გაზარდა არსებული შეზღუდული ტევადობა, თუმცა ეს ბოლო ეტაპი არ არის და დაგეგმილი გვაქვს 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, რომელიც მომავალ წელს შემოვა. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოვესახუროთ.

ჩვენ დავიწყეთ ძალიან მასშტაბური რეფორმის განხორციელება; ცხადია, ყველა რეფორმას აქვს თავისი ხარვეზები. ჩვენც გვქონდა მოლოდინი, რომ ამ რეფორმასაც შეიძლება გარკვეული ხარვეზები ჰქონოდა. გვაქვს შემთხვევები, როცა კონკრეტულ მარშრუტებზე არ არის საკმარისი მიკროავტობუსი, შეიძლება კონკრეტულ მარშრუტებს სჭირდება დაგრძელება. 24-საათიან რეჟიმში ვაკვირდებით, არსებულ ქსელზე, თუ სად არის საჭირო ჩვენი ჩართულობა, ახალი ქსელის დამატება, ახალი მიკროავტობუსის დამატება და ა.შ. ეს ხარვეზები, რაც დღეს არსებობს, ყველა გამოსწორდება", - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

ცნობისთვის: BM.GE-სთან სატრანსპორტო საკითხებზე ექსპერტი ელენე ხუნდაძე აცხადებდა, რომ 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის გადავადებამ და რეფორმის გაჭიანურებამ, დედაქალაქში მგზავრების გადაყვანის კუთხით ხარვეზები შექმნა. მისი თქმით, მთავარ ხაზებზე დადის ისევ ის ავტობუსები, რომელიც შიდა უბნებზე უნდა გადანაწილებულიყო. შესაბამისად, მისი თქმით, შიდა უბნებს დააკლდათ სიხშირეები და სიმძლავრეები. ელენე ხუნდაძე აცხადებს, რომ მოსახლეობა უკმაყოფილოა, რადგან უბნებში საკმარისი ავტობუსები არ არის.