20.ნოემბერი .2019 13:22

არის თუ არა კლინიკებში "გაბერილი ფასები"? - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის შეფასება

views 374
უკან

“ერთ კლინიკაში ფასი არის დაბალი, სხვა კლინიკაში იგივე ინტერვენციაზე არის მაღალი, რაც ძალიან ძნელი ასახსნელია”,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს.

მისი თქმით, სამინისტრომ სერიოზული კვლევა ჩაატარა ბაზრისა და ფასების კვლევის მიმართულებით, რამდენადაც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ბიუჯეტის ფული იხარჯება და სწორედ ისინი არიან პასუხისმგებლები, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ეფექტურად განიკარგოს.

“მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რას ემყარება განსხვავება ფასებს შორის, რადგან ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგვაზე”,- აცხადებს მინისტრის მოადგილე.

კითხვაზე, გამოდის თუ არა, რომ კლინიკებში ფასები გაბერილი იყო, მოადგილე პასუხობს, რომ “ტარიფების განსხვავების ახსნა რთულია”.

“ამდენად არ გამოვრიცხავთ, რომ ამ კლინიკებში არის ტარიფების რაციონალიზაციის დიდი რესურსი: ადმინისტრაციული ხარჯებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ კლინიკების დიდი ნაწილის საშუალო დატვირთვა არის 47%, რაც ნიშნავს, რომ დიდი ადმინისტრაციული ხარჯი ნაწილდება მხოლოდ იმ საწოლების ნახევარზე, რომლებიც მუშაობს.

ამდენად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნახევრად დატვირთული კლინიკებისთვის მუდმივად იმ პირობების შექმნა, რომ მათ იმუშაონ, ჰქონდეთ შესაფერისი ანაზღაურება... აქ არის რესურსი ოპტიმიზაციისთვის, ადმინისტრაციული რესურსის ოპტიმიზაციის საფუძველზე, ასევე იმის საფუძველზე, რომ კლინიკამ მოახერხოს ნახევრად დატვირთული საწოლების ფონდის მეტად ეფექტური გამოყენება. ეს არის გამოსავალი კლინიკებისთვის ამ შემთხვევაში.

ერთ-ერთი ბერკეტი, რომელიც ამ ოპტიმიზაციას ხელს შეუწყობს არის სელექტიური კონტრაქტირება, რისი გამოცდილებაც სამინისტროს უკვე აქვს. ასევე ამოქმედებულია ახალი სანებართვო პირობები გადაუდებელი დახმარების სერვისისთვის”,- აცხადებს თამარ გაბუნია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა