მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა კრიპტოვალუტა კარგი ინვესტიცია?

6410a48764dae
BM.GE
14.03.23 21:00
1220
კრიპტოვალუტები ბოლო 10 წელია ინვესტირების ერთ-ერთ მომგებიან შესაძლებლობად განიხილება. ყველას გვსმენია ადამიანთა შესახებ, რომლებმაც ბიტკოინები ჯერ კიდევ მაშინ შეიძინეს, როდესაც 1 000 ლარი ღირდა და რამდენიმე წელში გამდიდრდნენ.

2023 წელს სტაბილური კრიპტო აქტივების შეძენა (მაგ, ბიტკოინი, ეთერიუმი) საკმაოდ დიდი კაპიტალის ქონას მოითხოვს. ამასთანავე, კრიპტოვალუტაში თანხის დაბანდება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახის დაბანდება, თანხის დაკარგვის დიდ რისკს მოიცავს.

განვიხილოთ კრიპტოვალუტაში ინვესტირების დადებითი და უარყოფითი მხარეები, რაც დაგეხმარებათ თავად განსაზღვროთ - რამდენად გონივრულია კრიპტოვალუტის შეძენა თქვენი საინვესტიციო მიზნებისთვის.

კრიპტოვალუტაში ინვესტირების დადებითი მხარეები:

დიდი მარჟის მიღების შესაძლებლობა: კრიპტოვალუტებს ახასიათებთ დროის მოკლე მონაკვეთში ფასის მკვეთრი ზრდა, ამიტომ შესაძლებელია თქვენ მიერ ინვესტირებული მცირე თანხა ერთ ღამეში გაასმაგდეს და დიდი მოგება ნახოთ; თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ შეუძლებელია პროგნოზირება როდის და რამდენი ხნით გაგრძელდება ამა თუ იმ კრიპტოვალუტის ფასის ზრდის დინამიკა.

დეცენტრალიზებულობა: კრიპტოვალუტების უმეტესობა ფუნქციონირებს ცენტრალიზებული ბანკებისგან დამოუკიდებლად, რაც ინვესტორებს მეტ თავისუფლებას აძლევს, ვიდრე ცენტრალიზებული საბანკო სისტემაა. შეგიძლიათ კრიპტოვალუტას ფლობდეთ ისე, რომ არსად ფიქსირდებოდეს ინფორმაცია თქვენი ციფრული აქტივის შესახებ.

ხელმისაწვდომობა: მისი დეცენტრალიზებული ბუნების წყალობით, თქვენს კრიპტოვალუტებზე წვდომა გაქვთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისი ფიატ ვალუტად ქცევა (ანუ რომელიმე ქვეყნის ეროვნულ ვალუტად ქცევა. მაგ , ლარში, დოლარში, ევროში გადაკონვერტირება).

დივერსიფიკაცია: ინვესტორების დიდი ნაწილი კრიპტოვალუტებში ინვესტირებას (განსაკუთრებით კი ბიტკოინს და ეთერიუმს) განიხილავენ, როგორც საინვესტიციო პორტფოლიოს დივერსიფიკაციის სტრატეგიას, რადგან კრიპტო აქტივების ფასები ნაკლებად არის დამოკიდებული აშშ დოლარის ფასის ცვლილებაზე.

ბიტკოინში ინვესტირების შესახებ მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ ამ ბმულზე  გაეცნოთ.

კრიპტოვალუტაში ინვესტირების უარყოფითი მხარეები:

არასტაბილურობა: რამდენადაც სწრაფად შეიძლება გაიზარდოს კრიპტოვალუტის ფასი, იმავე დინამიკით შესაძლოა განულდეს მისი ღირებულება. კრიპტოვალუტის ფასები წარმოუდგენლად ცვალებადია და არ უნდა აღვიქვათ, როგორც სტაბილური ინვესტირების წყარო.

კრიპტო ბირჟა შეიძლება გაკოტრდეს: კრიპტო ინდუსტრიაში რეგულაციების ნაკლებობის გამო ინვესტორები, რომლებიც კრიპტო ბირჟებზე ინახავენ კრიპტო აქტივებს, რისკავენ თავიანთ ექაუნთზე არსებულ კრიპტო აქტივებს, რადგან კროპტო ბირჟის კრახის/გაკოტრების არაერთი პრეცედენტი არსებობს. მაგალითად, 2023 წლის მარტის დასაწყისში გაკოტრდა მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კრიპტობირჟა - FTX, რამაც შემდეგ კრიპტობანკ SILVERGATE-ის კოლაფსის მიზეზი გახდა.

უსაფრთხოების რისკები: კრიპტოვალუტის ბირჟები და საფულეები ჰაკერების თავდასხმისა და თაღლითობისგან დაცვის უმაღლესი ხარისხით არ გამოირჩევა, ამიტომ არსებობს იმის ალბათობა, რომ კრიპტო ინვესტორმა დაკარგოს თავისი ციფრული აქტივები.

კრიპტო და ბლოკჩეინის ტექნოლოგიაში გარკვევა საკმაოდ რთული საკითხია: კრიპტო ბირჟების მუშაობის პრინციპი და ბლოკჩეინის ქსელების მიღმა არსებული ტექნოლოგია არც ისე მარტივი გასაგებია დამწყები კრიპტო ინვესტორებისთვის. ეს ფაქტორი ართულებს კრიპტოვალუტებში ინვესტირებისგან მაქსიმალური უკუგების მიღებას და ერთგვარ ბარიერს წარმოადგენს კრიპტო ინვესტიციის განხორციელებისთვის.

ჩავდოთ თუ არა კრიპტოვალუტაში ინვესტიცია?

შეუძლებელია ზუსტად პროგნოზირება იმის, თუ რა დინამიკა ექნება კრიპტოვალუტების ფასებს უახლოეს თუ შორეულ მომავალში. შესაბამისად, ნებისმიერი კრიპტოვალუტის შეძენისას ყოველთვის არის ფულის დაკარგვის მაღალი რისკი.

დანამდვილებით ვერავინ გეტყვით, რამდენად გონივრულია ამა თუ იმ კრიპტო აქტივში ინვესტირება. გამოცდილი კრიპტო ინვესტორებიც კი მხოლოდ წინა წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით გვიზიარებენ პროგნოზებსა და კრიპტო ტრეიდინგის რჩევებს.

თუ კრიპტო ენთუზიასტი ხართ და გჯერათ, რომ კრიპტოვალუტები კიდევ უფრო მეტად მოიკიდებს ფეხს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და დროთა განმავლობაში გადახდის ერთ-ერთ საშუალებად იქცევა, მაშინ, გონივრული იქნება კრიპტოვალუტის შეძენა საინვესტიციო პორტფოლიოს დივერსიფიკაციის მიზნით.
კრიპტოვალუტის შეძენამდე ჩაატარეთ კვლევა და მოიძიეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია კონკრეტულად იმ ალტკოინის შესახებ, რომლის შეძენასაც გეგმავთ.

R