მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა მოთხოვნა ჭკვიან მრიცხველებზე ბუნებრივი აირის სექტორში? – ფასები და მრიცხველის უპირეტესობები

61efe472d73c7
მარიამ ვარადაშვილი
25.01.22 21:15
1696
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ მიღებული დადგენილების მიუხედავად, რითაც ე.წ. ჭკვიანი მრიცხველების მონტაჟი ბუნებრივი აირის შემთხვევაშიც შესაძლებელია, ამ დრომდე განამანაწილებელი კომაპანიებისთვის მოქალაქეებს არ მიუმართავთ. ამის შესახებ BMG-ის “სოკარსა” და “თბილისი ენერჯიში” განუცხადეს.

“ამ პერიოდის მანძილზე არცერთი განაცხადი არ ყოფილა ჭკვიანი მრიცხველის მონტაჟზე”,-აცხადებენ “სოკარში”.

საუბარია სემეკის 30 სექტემბერის დადგენილებაზე, რომლითაც ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველი ვალდებულია, მრიცხველის მოწყობის მოთხოვნით წერილობით მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. ამასთან, მომხმარებელი ვალდებულია განაცხადის წარდგენამდე მრიცხველის საფასურის ნახევარი წინასწარ გადაიხადოს. დარჩენილი თანხის გადახდა უნდა მოხდეს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობიდან 10 დღის განმავლობაში. დადგენილებითვე განისაზღვრა მრიცხველის მონტაჟის საფასური. გაზის სექტორში ჭკვიანი მრიცხველის მოწყობა ნებაყოფლობითია.

“დღეს გვაქვს მოცემულობა: ერთი მხრივ, ახალ მომხმარებელს, რომელიც ახალ მიერთებას ითხოვს კომპანიისგან, შეუძლია მოითხოვოს ასევე ჭკვიანი მრიცხველის მოწყობა შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ. ასევე მეორე შემთხვევა გაქვს, როდესაც არსებული მომხმარებლები, რომლებიც დღეს მარაგდებიან ბუნებრივი გაზით და ჩვეულებრივი მრიცხველი აქვთ დამონტაჟებული მოითხოვონ ამ ჩვეულებრივი მრიცხველის ჩანაცვლება ჭკვიანი მრიცხველით. ცხადია, ეს მომსახურებაც ფასიანია. ეს ცვლილება ნოემბრის თვიდან მოქმედებს. დღესდღეობით ამ კუთხით აქტივობა არ გვაქვს. კერძოდ, ჩვენთვის არც ახალ და არც არსებულ მომხმარებელს არ მოუმართავს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის თაობაზე, თუმცა ვფიქრობთ, რომ მომავალში ამ კუთხით დაინტერესება იქნება”,- აცხადებს “თბილისი ენერჯის” კომერციული დირექტორი ედიშერ ხორავა.

მისივე თქმით, ჭკვიანი მრიცხველის ყველაზე დიდი სარგებელი არის ის შესაძლებლობა, რომლითაც მომხმარებელს შეუძლია მუდმივად აკონტროლოს მოხმარებული ბუნებრივი აირი. კიდევ ერთ უპირატესობად ხორავა კომპანიის წარმომადგენელთა ვიზიტებს ასახელებს, ამ მრიცხველის პირობებში დისტანციურად არის შესაძლებელი მრიცხველის ჩვენების ჩაწერა.

BMG-ის კითხვაზე მოსახლეობის დაბალი აქტივობა ფასებს ხომ არ უკავშირდება, ხორავა გვპასუხობს, რომ ტარიფი ცვალებადია და ის შემდეგ ფაქტორებზეა დამოკიდებული:

“დღეის მდგომარეობით ასეა დადგენილი სემეკის მიერ, რომ ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის ღირებულება 800 ლარს შეადგენს. ეს ფასი იმ შემთხვევაშია თუ ძველის ჩანაცვლება გსურთ. თუ არსებული მომხმარებელი ბრძანდებით და მოგინდებათ ჭკვიანი მრიცხველი დაიმონტაჟოთ, მაშინ განაცხადს გააკეთებთ კომპანიაში, თან გადაიხდით 800 ლარს და 10 სამუშაო დღეში კომპანია მრიცხველს დაამონტაჟებს.

მრავალბინიანი კორპუსის შემთხვევაში, მაგალითად 50–ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის გაზიფიცირების თაობაზე როცა მოგვმართავენ, ამ შემთხვევაში ერთი ბინის მიერთების ღირებულება 1100 ლარია. თუ ერთეული გაზიფიცირების შემთხვევაში მოთხოვნილი იქნება ჭკვიანი მრიცხველი მაშინ საფასური 1600 ლარს შეადგენს.”

მისივე თქმით, სემეკთან ყოველთვის აყენებენ საკითხს, რომ ელექტროენერგიის მსგავსად გაზის სექტორშიც დაჩქარდეს ჭკვიან მრიცხველებზე გადასვლის პროცესი. ამას გარდა, გამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენელი კიდევ ერთხელ განმარტავს, რა უპირატესობა გააჩნია ამ მრიცხველს როგორც კომპანიისთვის, ასევე მომხმარებლისთვის.

“მომხმარებლისთვის მსგავსი მრიცხველი კომფორტულია იმ კუთხით, რომ დანახარჯების მონიტორინგის შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააკონტროლოთ რამდენს მოიხმართ და ეს ხარჯები შეამციროთ. აქედან გამომდინარე, ის ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის ეკონომიურად ხარჯვას. გარდა ამისა, მსგავსი ჭკვიანი სისტემები ბუნებრივი გაზის მოხმარების პროგნოზირებასაც უწყობს ხელს. ასევე დანადგარი აღჭურვილია წნევის კონტროლის სხვადასხვა მექანიზმით, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს თითოეულ მომხმარებელთან ონლაინ რეჟიმში აკონტროლოს გაზით მომარაგების ხარისხი. ანუ შესაბამისი წნევით მიეწოდება თუ არა მომხმარებელს ბუნებრივი აირი”,-აცხადებს ხორავა.