მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა პენსიის გამცემი ბანკისთვის 15 მლნ ლარის მიცემა სუბსიდირება? - კობა გვენეტაძის პასუხი

620e31ad8d307
შოთა ტყეშელაშვილი
17.02.22 15:55
776
მთავრობის მიერ შექმნილმა სპეციალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება - ბანკი, რომელიც მომავალში პენსიებს და სოციალურ გასაცემლებს დაარიგებს, ამ დახმარებების ბენეფიციარებისთვის გაცემულ სესხებში განაკვეთს შეამცირებს. სესხის განაკვეთი რეფინანსირების პროცენტზე იქნება მიბმული და მასზე მაქსიმუმ 15%-ით მეტი შეიძლება იყოს, რაც ამჟამად ჯამში 25.5%-ს შეადგენს. ამასთანავე, მთავრობა კომერციულ ბანკს, რომელიც პენსიებს დაარიგებს ამ სერვისში დამატებით 15 მილიონ ლარს გადაუხდის.

BMG-ის კითხვაზე, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პასუხობს, რომ ეს თანხა ბანკს საპროცენტო განაკვეთის შემცირებიდან მიღებულ საშემოსავლო დანაკლისს დაუბალანსებს, მაგრამ კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ეს ბანკის სუბსიდირებას არ წარმოადგენს. 

"როდესაც ვსაუბრობთ პენსიების დარიგებაზე, ხელისუფლების გადასაწყვეტია, როგორი პირობებით უნდა ამ სესხების დარიგება. ჩვენ რა თქმა უნდა ვმონაწილეობთ ამ ჯგუფში, როგორც მრჩეველი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება არის ხელისუფლებაზე.

15 მილიონთან დაკავშირებით მინდა განვმარტო, მე არ ვფიქრობ რომ ეს არის სუბსიდირება, რადგან ეს არის თანხა, რომელსაც ბანკი აქამდე ხარჯავდა იმაში, რომ პენსიები რიგდებოდა. ახლა მოხდება თანხის გადახდა და ეს იქნება ჩვეულებრივი მომსახურებაში გადახდილი ანაზღაურება. ისევე როგორც ბიუჯეტი იხდის სკოლის აშენებაში, ან გზის დაგებაში ფულს. შესაბამისად, ეს არის სერვისი, რაშიც ბანკი მიიღებს ანაზღაურებას.

რაც შეეხება კონკურენციას, ეს პროცესი იქნება გახსნილი, ანუ ნებისმიერ ბანკს შეეძლება მონაწილეობის მიღება. ბანკზე იქნება დამოკიდებული უნდა თუ არა ამაში მონაწილეობა. ის, თუ ვინ გაიმარჯვებს წინასწარ ამაზე რთულია აზრის გამოთქმა.

როდესაც ხდებოდა ამ პენსიების დარიგება, ეს იყო ბანკების საკუთარი სახსრებით და ეს აისახებოდა საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთში. მაშინ როდესაც ეს სახსრები ანაზღაურებული იქნება, ეს გამოიწვევს პროცენტის დაწევას. ეს არ არის სუბსიდია.

"ლიბერთი ბანკი" პენსიების დარიგებას საკუთარი ხარჯით აწარმოებდა. როდესაც X ბანკი მიიღებს ანაზღაურებას, მისი ხარჯი შემცირდება,"- ამბობს კობა გვენეტაძე.

ამჟამად, საპენსიო სესხების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 35.4%-ია. ამასთან, პენსიონერებსა და სოცდაუცველებს ჯამში 367 მილიონი ლარის კრედიტი აქვთ აღებული.

პენსიით უზრუნველყოფილ სესხებს მხოლოდ “ლიბერთი ბანკი” გასცემს. სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, სულ 393,915 ასეთი სესხი იყო მოქმედი ანუ თითქმის ყოველ მესამე პენსიონერს და სოცდაუცველს მოქმედი საპენსიო კრედიტი აქვს.

საშუალოდ ერთი საპენსიო სესხის მოცულობა 934 ლარს შეადგენს.