მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკით დაცული ობლიგაცია საბანკო სისტემისთვის სტაბილური დაფინანსების წყაროა - EBRD-ის კონსულტანტი

6418692cdcf4a
ელენე გოგბერაშვილი
21.03.23 01:00
808
ბანკებს იპოთეკური პორტფელის უზრუნველყოფით ობლიგაციების გამოშვება შეეძლებათ. იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების შექმნა პარლამენტის მიერ 2022 წლის დეკემბერში შესაბამისი კანონის შედეგად და ეროვნული ბანკის მიერ იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი წესის მიღებით გახდა შესაძლებელი.

იპოთეკით დაცული ობლიგაციები ძირითადად ბანკებისთვის არის გამიზნული, თუმცა ობლიგაციების გამოშვება ნებისმიერ ფინანსურ ინსტიტუტს შეეძლება, რომელიც იპოთეკურ სესხს გასცემს. რაც შეეხება ინვესტორებს, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნიკოლოზ გაგუა განმარტავს, ეს ინსტრუმენტი საინტერესო იქნება არასაფინანსო კორპორატიული სექტორისთვის და მიმზიდველი იქნება საცალო ინვესტორებისთვის. ამასთან დაინტერესების შემთხვევაში იპოთეკით დაცული ობლიგაციების ინვესტორებს შორის შეიძლება იყოს ასევე საპენსიო ფონდიც.

იპოთეკით დაცული ობლიგაციების თემაზე ეროვნულმა ბანკმა სამუშაო შეხვედრა გამართა სარეიტინგო კომპანია Moody's-თან და EBRD-თან თანამშრომლობით. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ სვეტის დამატებით, საქართველოს კაპიტალის ბაზრის სტრუქტურა ევროკავშირის მოდელს დაუახლოვდება და შედეგად, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, უფრო ხელმისაწვდომი საკრედიტო დაფინანსება მიიღონ.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობა ჩნდება და ჩვენ გვჯერა, რომ ეს ბონდები დაეხმარება მოქალაქეებს და ის იქნება კაპიტალის ბაზრის მნიშვნელოვანი სვეტი. ამ სვეტის დამატებით, საქართველოს კაპიტალის ბაზრის სტრუქტურა ევროკავშირის მოდელს დაუახლოვდება და მის შედეგად, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, რომ უფრო ხელმისაწვდომი საკრედიტო დაფინანსება მიიღონ. ჩვენ აშშ-ის მსხვილი ფინანსური კრიზისიდან რამდენიმე კვირა გვაშორებს და ვფიქრობთ, რომ ეს ობლიგაციები ბანკებისთვის კაპიტალზე ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს და მათ აქტივებსა და ვალდებულებებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრაში დაეხმარება“,- აცხადებს ლუკა ბარტალოტი, ევროპული იპოთეკური ბონდების საბჭოს გენერალური მდივანი.

„ეს კანონი ეფუძნება ევროპულ კანონმდებლობას, რომელიც გამოცდილია კრიზისების დროს და მსოფლიო კრიზისის დროს. ის საბანკო სისტემისთვის სტაბილური დაფინანსების წყაროა და ამავდროულად, ის აუმჯობესებს იპოთეკურ დაფინანსებას ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის. ეს ფინანსური ინსტრუმენტი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ის ფინანსური სტაბილურობის მიმართ ახალ რისკებს კარგად პასუხობს. მე მოხარული ვარ, რომ ქართულ ბანკებს უკვე აქვთ შესაძლებლობა ჰქონდეთ მათზე წვდომა“,-აცხადებს რიჩარდ კემიში, EBRD-ის კონსულტანტი.

საქართველოში მოქმედ ბანკებს სულ 9,9 მილიარდი ლარის მოცულობის იპოთეკური კრედიტები აქვთ გაცემული. ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს პირიბებში მათ ამ სასესხო პორტფელიდან ახალი ფინანსური ინსტრუმენტის - "იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების" შექმნა შეუძლიათ. ეს ნიშნავს, რომ ბანკები მათში არსებული იპოთეკური კრედიტიდან შეძლებენ თავად ამ სესხების ნაწილი ჩადონ უზრუნველყოფაში და მის სანაცვლოდ გამოუშვან ახალი ობლიგაციები. შედეგად, ქართულ ბანკებს საკუთარი საქმიანობისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის შესაძლებლობა უჩნდებათ.