მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის (1 – 6 აგვისტო, 2022) TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

62ef98c88fde7
ირაკლი მაკალათია
07.08.22 18:14
1207
1. ივლისში წლიური ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა
2. სებ-მა სავალუტო აუქციონზე 10 მლნ აშშ დოლარი იყიდა
3. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11.0%-ზე დატოვა
4. სებ-მა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ხანგრძლივობა 3 წლამდე შეამცირა
5. საქართველოს კომერციული ბანკების რეიტინგი მოგების მიხედვით
6. წყალტუბოს სანატორიუმების აუქციონის შედეგები
7. IDFI-ს კვლევა - საჯარო სექტორში ხელფასების ზრდასა და ბიუროკრატიის შესახებ
8. რა შინაარსის წერილი მიიღეს სადაზღვევო კონპანიებმა საგანგებო სიტუაციების სამსახურისგან
9. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის სახელმწიფოს საკრედიტო რისკისა და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი
10. თბილისის მერიამ უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დაასრულა



1. ივლისში წლიური ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა

2022 წლის ივლისში წლიური ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა. ინფლაციის საერთო დონეზე ყველაზე მეტად გავლენა მოახდინა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში 16.4%-ით გაზრდილმა ფასებმა, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.25%-ული პუნქტით აისახა. ტრანსპორტის ჯგუფში 20.6%-ით გაზრდილის ფასები კი 2.46%-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3zwXgRz; https://bit.ly/3JyuVyH

2. სებ-მა სავალუტო აუქციონზე 10 მლნ აშშ დოლარი იყიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 მლნ აშშ დოლარი იყიდა, რაც 2022 წელს რიგით მეორე ინტერვენცია იყო. სებ-მა პირველ შემთხვევაშიც 10 მილიონი აშშ დოლარი იყიდა. ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს გარდა სავალუტო აუქციონებისა, Bmatch-ის მეშვეობითაც ავსებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, სებ-მა ივლისში სავალუტო ბაზრიდან Bmatch-ის პლატფორმიდან 110 მილიონი აშშ დოლარი იყიდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3bsYci1; https://bit.ly/3vIA01H; https://bit.ly/3zCmWwc


3. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11.0%-ზე დატოვა

3 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, ივლისში ინფლაციის ტემპის მცირედით შემცირების მიუხედავად, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11.0%-ზე დატოვა. საზოგადოება და ბანკების ინფორმაციით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე გაცემული 190 000 სესხიდან აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3JvK8kg; https://bit.ly/3vHwQLY


4. სებ-მა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ხანგრძლივობა 3 წლამდე შეამცირა

მომდევნო სიახლეც ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხება, რომელმაც ფიზიკური პირების დაკრედიტების ტემპის შემცირების მიზნით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა 4 წლიდან 3 წლამდე შეამცირა. აღნიშნული გადაწყვეტილება ყველა კატეგორიის სამომხმარებლო სესხს ეხება, 15 აგვისტოდან ამოქმედდება და ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში. როგორც საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აფასებს, სამომხმარებლო სესხების ვადიანობის შემცირება აღნიშნული პროდუქტების მომხმარებელთა რიცხვს 50%-ით შეამცირებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Qj9zIx; https://bit.ly/3pgpjA9; https://bit.ly/3P1J3ll


5. საქართველოს კომერციული ბანკების რეიტინგი მოგების მიხედვით

სებ-ის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების ზომამ 64.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 15%-ით აღემატება. ბანკებს შორის მოგების ნიხედვით პირველ ადგილზეა “თიბისი ბანკი” (430.6 მილიონი ლარის წმინდა მოგება), მეორე ადგილზე კი “საქართველოს ბანკი” (368.7 მილიონი ლარის წმინდა მოგება).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3vGTGTKl; https://bit.ly/3OZTZA1; https://bit.ly/3P6RCvg


6. წყალტუბოს სანატორიუმების აუქციონის შედეგები

მთავრობის მიერ 5 ივლისს საპრივატიზაციოდ გამოტანილი წყალტუბოს 14 სანატორიუმიდან მხოლოდ 2 გაიყიდა. სანატორიუმი ,,მედეა“ შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“ იყიდა, ხოლო სანატორიუმი თბილისი კი შპს „აკამ“. გაყიდული სანატორიუმების ჯამური ფასი 8 982 300 ლარია.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3vJaWro; https://bit.ly/3d1YVqx


7. IDFI-ს კვლევა - საჯარო სექტორში ხელფასების ზრდასა და ბიუროკრატიის შესახებ

IDFI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და 301.5 ათასი ადამიანი შეადგინა. ამავე წელს, ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე 359.6 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 63 მილიონი ლარით აღემატება. სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში კი 163 069 პირია დასაქმებული, საიდანაც 50 561 (31%) შტატგარეშე მოსამსახურეს წარმოადგენს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3zHg2WB; https://bit.ly/3A3xO7G


8. რა შინაარსის წერილი მიიღეს სადაზღვევო კონპანიებმა საგანგებო სიტუაციების სამსახურისგან

ჯანდაცვის სამინისტრო კერძო სადაზღვევო კომპანიებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისთან დაკავშირებით დამატებით არასტანდარტულ მომსახურებას სთავაზობს, რის შესახებაც 18 სადაზღვევო კომპანიას წერილიც გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც კომპანიებს პაციენტის ტრანსპორტირების მომსახურებას გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სთავაზობს. აღნიშნული წერილის შინაარსი განსხვავებულად გაიგეს სადაზღვევო კომპანიებში, ,,ნაწილის აზრით შესაძლოა მოქალაქეების გარკვეული ჯგუფებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება ფასიანი გახდეს ან კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეებისთვის სერვისი გაძვირდეს, თუმცა ნაწილი ასეთ რისკს ვერ ხედავს.''
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Q89Zky; https://bit.ly/3QtzlJM; https://bit.ly/3p2CJPO

9. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის სახელმწიფოს საკრედიტო რისკისა და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სახელმწიფოს საკრედიტო რისკი უცვლელად, “BB” დონეზე შეაფასა, ასევე უცვლელად დატოვა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის “სტაბილური” მოლოდინი. Fitch-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს საშუალოდ 10.9%-ით გაიზრდება, ხოლო ინფლაციის საშუალო დონე 11.5% იქნება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3P0IbNW; https://bit.ly/3P2yJta; https://bit.ly/3Q56TOv


10. თბილისის მერიამ უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დაასრულა

თბილისის მერიამ უკრაინელი დევნილების დახმარების პროგრამა დაასრულა, ლტლოვილებმა კი სასტუმროები დატოვეს. სანაცვლოდ კი 3 თვის ვადით, მერია ოჯახზე თვეში 300 ლარს, ოჯახის თითოეულ წევრზე კი თვეში 45 ლარს გასცემს. გაეროს ლტოლვილთა ფონდი კი თითოეულ ოჯახს 230 ლარით ეხმარება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3QaeFXs; https://bit.ly/3vLnZc9