მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსად მომისმენია, ვინ იმუშავა ქვეყნის 10-წლიან გეგმაზე - სანდრო რატიშვილი

60e961e648451
ელენე გოგბერაშვილი
10.07.21 15:00
799
კერძო სექტორში მთავრობის წარდგენილ ქვეყნის 10-წლიანი განვითარების გეგმას სკეპტიკურად უყურებენ. ბიზნესს შთაბეჭდილება რჩება, რომ დოკუმენტი, რომლის პრეზენტაციებიც ცალკეულმა უწყებებმა უკვე წარადგინეს, ზედაპირული და სიღრმისეულ ანალიზს მოკლებულია.

ისევე როგორც მედიისთვის, ბიზნესისთვისაც არ არის კონკრეტულად ცნობილი, ვინ იმუშავა ქვეყნის სამომავლო სტრატეგიულ დოკუმენტზე. ის, რაც პრემიერის განცხადებიდან ჯერ კიდევ აპრილში მოვისმინეთ, არის ის, რომ ამ გეგმის შესადგენად მთავრობამ რეფორმირების საბჭო შექმნა, რომელშიც მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები შედიოდნენ, თუმცა მათი ვინაობა დაკონკრეტებული ამ დრომდე არ არის. საბჭო უფლებამოსილი იყო გეგმის შემუშავების პროცესში ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთო, თუმცა ღიად არ ჩანს ვისთან შეათანხმა მთავრობამ ის გეგმა, რომელიც ცალკეულმა უწყებებმა პრეზენტაციების სახით უკვე წარმოგვიდგინეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ არც მინისტრები და არც თავად მთავრობის მეთაური აღარ საუბრობს, იმ პოსტპანდემიურ ეკონომიკურ გეგმაზე, რომელზეც კემბრიჯისა და ლონდონის პროფესორები, ასევე დელოიტის კონსულტანტები მუშაობდნენ.

„გულახდილად რომ გითხრათ, ჩემთვის რთულად წარმოსადგენია 10 წლიანი გეგმის წარმატებით თუ წარუმატებლად განხორციელებაზე რამე ვთქვა. რაც მოვისმინე, განწყობა არის ის, რომ უფრო ზედაპირულობის ნიშნები აქვს ამ ყველაფერს, ვიდრე სიღრმისეულად გაანალიზებული, სიღრმისეულად შესწავლილი და დაგეგმილი პროცესისა. მაგალითად, ისიც არ ვიცით, ვინ მუშაობდა ამ გეგმაზე, რა ტიპის ჯგუფები იყვნენ ჩართულნი, რა კვალიფიკაციის, რა გამოცდილების, მეცნიერები, პრაქტიკოსი ეკონომისტები, პოლიტიკოსები თუნდაც, ვინ, ვინ შექმნა ეს გეგმა?!, რომელსაც პრეტენზია აქვს 10 -წლიან პერსპექტივაში ამის მიხედვით განვითარდეს ქვეყანა.

ამ ტიპის გეგმების დამუშავება საქართველოში კი არა განვითარებული ეკონომიკების ქვეყნებში ძალიან სერიოზული ძალების ჩართვა სჭირდება. რაც პრემიერმა გამოაცხადა, ამ გამოცხადებაში ცუდი არაფერია, გადასარევი სურვილია ქვეყანაში იყოს განვითარების გეგმა, მაგრამ ამ გეგმას უნდა შექმნა, ამ გეგმას უნდა დაწერა და იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს ერთად გაანალიზება და გეგმის და პროგნოზის გაკეთება შემდეგი 10 წლის განმავლობაში. ამას ძალიან სერიოზული კომპეტენცია სჭირდება. მე პირადად არსად მომისმენია და ვერ გავიგე, ვინ რაზე იმუშავა. რაც მოვისმინეთ, ეს არის დეკლარირება გარკვეული სურვილების უფრო, შეიძლება ამაში ცუდი არაფერია, სურვილი მაინც მოვისმინოთ, მაგრამ უფრო სიღრმისეული ანალიზისთვის არასაკმარისია. ეს იყო პრეზენტაციის დონეზე გაკეთებული და არანაირი სიღრმისეული ანალიტიკური ფენები, ღრმად გაანალიზებული ჩვენ არ გვინახავს.

ერთი მაგალითი ავიღოთ, რომელიც ამ გეგმის ზედაპირულობაზე მიუთითებს: იპოთეკური სესხების თანადაფინანსება ოჯახებისთვის ახალშეძენილ ბავშვზე. რას ნიშნავს, ეს ვისთვისაა, როგორ უნდა გავიგოთ?! ეს წინასაარჩევნოდ გაკეთებულს უფრო გავს, პოპულისტურ გზას, რომელიც არ ვიცით რა შედეგებს მოიტანს. იმიტომ, რომ ქვეყანა, რომელიც სერიოზულ სავალო ვალდებულებებშია ჩაფლული, რაც გაახუთმაგა პანდემიიდან გამომდინარე პრობლემებმა, არ უნდა აძლევდეს თავს უფლებას მსგავსი ტიპის გაუაზრებელ პროექტებში ხარჯოს საბიუჯეტო ფული.

ჩვენ, ბიზნესმენები სიმწრით ვიხდით ამ გაჩანაგებული ეკონომიკის და უმცირესი ბაზრის პირობებში სიმწრით ნაშოვნ ჩვენს შემოსავლებს ბიუჯეტში, რომ ქვეყანა გადარჩეს. ჩემთვის, როგორც ერთი გადასახადის გადამხდელისთვის ეს იდეა პროექტის სახით მიუღებელია, გაუგებარია. თუ დეველოპერებისთვის ვაკეთებთ ბიუჯეტის ხარჯზე რატომ აკეთებ, როცა მეორე მხრივ მეუბნები, რომ ეკონომიკური ზრდაა და მათ შორის დეველოპერულ დარგში. თუ ასეთი განვითარება გაქვს ამას რატომ აკეთებ?! თუ დემოგრაფიული პრობლემების მოგვარება გინდა, მაშინ უამრავი სხვა გზაა ჯერ სანამ საბიუჯეტო სახსრების ფლანგვას დაიწყებ, როგორ შეიძლება საქართველოში დემოგრაფიული ვითარების გამოსწორებაზე ვიზრუნოთ“-აცხადებს bm.ge-სთან გადასახადის გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელი სანდრო რატიშვილი.