მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებობს დავა, რა უნდა იყოს მთავარი ამოცანა - სტაბილური ინფლაციის თუ კურსის შენარჩუნება? - გაჩეჩილაძე

60740f8608d2c
შოთა ტყეშელაშვილი
12.04.21 13:14
742

“არსებობს დავა, თუ რა უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა: კურსის სტაბილურობის თუ ინფლაციის სტაბილურობის შენარჩუნება", - განაცხადა “საქართველოს ბანკის” CEO-მ, არჩილ გაჩეჩილაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას.

გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ კლასიკური ეკონომიკური თეორიის თანახმად, ეს უნდა იყოს ინფლაციის სტაბილურობის შენარჩუნება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საგარეო ვაჭრობის წილი ქვეყნის ეკონომიკაში არის საკმაოდ მაღალი, გაცვლითი კურსის სტაბილურობის მნიშვნელობა საქართველოსთვის ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. გაჩეჩილაძის თქმით, არაერთ მცირე ქვეყანაში მოქმედებს სწორედ ალტერნატიული მოდელი, როდესაც სამიზნეს გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენს.

“კლასიკური ეკონომიკური თეორიის მიხედვით, მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ინფლაციის სტაბილურობის შენარჩუნება. არსებობს განსხვავებული აზრები, საერთაშორისო ვაჭრობა თუ რამდენად დიდია ქვეყნის ეკონომიკის ზომასთან მიმართებით. აქაც შეიძლება დაისვას კითხვა, რომელი უფრო მნიშვნელოვანია, ფასების დონის სტაბილურობა თუ გაცვლითი კურსი. ბევრი პატარა ქვეყნის პრაქტიკა აჩვენებს, რომ სტაბილური კურსი შეიძლება იყოს ალტერნატიული მოდელი, თუმცა დღეს ამის განხილვა არ ხდება”, - ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

კიდევ ერთი საკითხი, რის შესახებაც “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა, ქვეყანაში გაზრდილი ინფლაციური მოლოდინებია. არჩილ გაჩეჩილაძე ამბობს, რომ, მისი შეფასებით, ეროვნული ბანკი გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს, რათა ინფლაციის დონე მის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდეს.

“რაც შეეხება ინფლაციას, რაც დაფიქსირდა 7.2%, არის ძალიან მაღალი და ამას საკმაოდ რთული შედეგები შეიძლება მოჰყვეს, თუ დროულად არ დაუბრუნდება ინფლაცია თავის მიზნობრივ მაჩვენებელს. ჩემი აზრით, ეროვნული ბანკი ყველაფერს იღონებს იმისთვის, რათა ეს დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს.

მაღალი ინფლაცია არის მძიმე ტვირთი ეკონომიკისთვის და ის აღარიბებს ყველაზე უფრო მოწყვლად მოსახლეობას. ყველას აღარიბებს, მაგრამ მათ შორის უფრო მეტად ყველაზე მოწყვლად მოსახლეობას. ამის გამო, ყველანაირი ხერხი იმისთვის, რათა ინფლაცია დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს, უნდა იყოს გამოყენებული", - ამბობს “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.

2021 წლის მარტში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის მიერ სამიზნე მაჩვენებლად განსაზღვრულ 3%-იან ინფლაციაზე 2.4-ჯერ მეტია. მზარდი ინფლაციური მოლოდინების გათვალისწინებით ეროვნულმა ბანკმა 17 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით, 8.5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთან, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაიზარდა დაწოლა საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე, რაც თურქული ლირის მკვეთრ გაუფასურებას უკავშირდებოდა. აღნიშნულის შედეგად, ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.44 ლარსაც გადააჭარბა.