25.თებერვალი .2020 20:00

არსებობს გარკვეული ბარიერები, რაც ხელს უშლის ბიზნეს ტურიზმის განვითარებას - ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია

views 1151
უკან

"დღეს არსებობს გარკვეული ბარიერები, რაც ხელს უშლის ბიზნეს ტურიზმის განვითარებას", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელმა და დირექტორმა ელენე ოთარაშვილმა „სასტუმრო ჰოლიდეი ინში“ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის მიერ 2020 წლის პირველ საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე განუცხადა, სადაც საინვესტიციო კლიმატსა და ტურიზმში არსებულ გამოვწვევებზე იმსჯელეს.

მისი შეფასებით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სფეროები ხვდებიან ერთმანეთს და ბარიერების გადაჭრის გზებს ერთად განიხილავენ.

„ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია დღევანდელ შეხვედრაზე წარმოადგენს იმ მდგომარეობას, თუ რა ხდება საქმიანი ტურიზმის სფეროში. ვისაუბრებთ იმ გამოწვევებსა და ბარიერებზე, რომელიც დღეს ამ ინდუსტრიის მოთამაშეებისთვის არსებობს. მოგეხსენებათ, ტურიზმი არის ისეთი სფერო, რომელზეც სენსიტიურად აისახება ყველა მოვლენა, ეს იქნება დაკავშირებული ეკონომიკურთან თუ ვირუსის გავრცელებასთან, ამიტომ ჩვენი ასოციაცია მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუწყოს ამ ინდუსტრიის წინსვლასა და განვითარებას, ვინაიდან საქმიანი ტურიზმი არის ის სფერო, რომელიც მაღალშემოსავლიანია და საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი ძალიან მიმზიდველი ქვეყნაა.

დღეს არსებობს გარკვეული ბარიერები, რაც ხელს უშლის ბიზნეს ტურიზმის განვითარებას. ეს არის მაგალითად დიდი საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეები, რომელიც ძალიან დიდ და მასშტაბურ ღონისძიებებს უმასპინძლებს. ასევე არის პირდაპირი ფრენები სხვადასხვა მიმართულებით, რომელზეც ჩვენი მთავრობა მუშაობს და იმედი გვაქვს რომ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით. პირველ რიგში, პირდაპირი რეისები აშშ-თან, ეს იქნებოდა ფანტასტიური საშუალება მოვიზიდოთ ის სეგმენტი, რაც უფრო ახალ ბაზრებს მივწვდებით და დივერსიფიკაცია მოხდება ბაზრების, მით უფრო სწრაფად განვითარდება ეს ინდუსტრია“, - ამბობს ბიზნეს-ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი.

კითხვაზე - მოახდენს თუ არა გავლენას კორონავირუსი ტურიზმის სექტორზე, ელენე ოთარაშვილი ამბობს, რომ პროცესი დაწყებულია და ტურისტული ნაკადები შემცირებულია.

„კორონავირუსი, სამწუხაროდ, აისახა ტურისტულ ნაკადებზე და ამას გრძნობს ყველა ტურისტული ობიექტი და სააგენტოები, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი სექტორი დაძლევს ამ გამოწვევას და სეზონს შევხვდებით ძლიერად“, - განაცხადა ელენე ოთარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა