მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არსებობს რისკი, რომ საპენსიო გასაცემლების ახალი კონკურსის პირობები ბანკებისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს"

62063d0d696bd
ვიქტორია მღებრიშვილი
11.02.22 15:00
982
„რისკი იმის, რომ საპენსიო გასაცემლებზე გამოცხადებული კონკურსის პირობები კომერციული ბანკებისთვის მიუღებელი იყოს, არსებობს და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს სხვა პირობების შეთავაზება მოუწევს“, - ასე შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებები, რომლებიც საპენსიო გასაცემლების ახალი ტენდერისთვის განახლებული პირობების გამოცხადებას ეხება. საუბარია, რომ ახალი პირობებით, საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ჭერი 26% უნდა იყოს, ასევე სახელმწიფო ყოველწლიურად 15 მლნ ლარით დაასუბსიდირებს პენსიის დარიგების მომსახურებას, რასაც აქამდე არ აკეთებდა. 

გიორგი კეპულაძის თქმით, ბაზარზე სულ 14 ბანკია და ამ ეტაპზე, ახალ ტენდერში მონაწილეობის სურვილს მხოლოდ ორი ბანკი გამოთქვამს. მან დეტალურად განმარტა სახელმწიფოს მიერ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარის დაწესების პირობა.

„სახელმწიფო კომისიამ შეიმუშავა საკონკურსო პირობები. ბანკებთან წინასწარ ჩატარდა ფასთა გამოკითხვა. ჯერ რაც ვნახეთ, ინტერესი გამოხატული აქვს ორ კომერციულ ბანკს - „საქართველოს ბანკს“ და „ლიბერთი ბანკს“. იქ ჩადებულია, რომ სახელმწიფო ყოველწლიურად ჩადებს 15 მლნ ლარს, რასაც აქამდე არ აკეთებდა. რეალურად, ეს სახელმწიფოს მხრიდან იქნება სუბსიდირება, რომ საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს.

დღეის მდგომარეობით ჩაიდო პირობა: ბანკთა შორის განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთთან ახლოს არის ხოლმე, დღეისთვის 10.4-10.5%-ია, ამას დაემატება 15%, მარტივი მათემატიკით გამოდის 25.5%, რაც ნომინალური განაკვეთია, ეფექტური შეიძლება 26% იყოს, მაგრამ ეს დღეისთვის.

თუ რეფინანსირების განაკვეთი დაიკლებს ინფლაციის შემცირების შემდეგ, რისი მოლოდინიც არსებობს, შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთიც დაიკლებს და თუ იქნება 8%, გამოვა 8+15%, ანუ რეალურად ამ საკონკურსო პირობებით საპროცენტო განაკვეთი უნდა შემცირდეს“, - განმარტა გიორგი კეპულაძემ.

„საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე თვლის, რომ საქართველოში მოქმედი ბანკებიდან ამ პირობების დაკმაყოფილება რეალურად მხოლოდ 3 ბანკს შეუძლია, შესაბამისად რამდენად მისაღები იქნება ბანკისთვის, როგორც ბიზნეს სუბიექტისთვის ეს პირობები, საკითხავია.

"მაგრამ მე აქ ერთ რისკს ვხედავ - რამდენად მისაღებია კომერციული ბანკებისთვის ეს პირობები? რადგან ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბანკის გარეშე პენსიებს ვერ დავარიგებთ. აქვე ჩადებულია პირობა, რომ საპროცენტო განაკვეთის 15% მაქსიმუმია, მაგრამ შეიძლება კონკურენციის შედეგად ის შემცირდეს, შესაბამისად, ვხედავ რისკს, რომ ბევრი კომერციული ბანკისთვის ეს არ იქნება მისაღები. საქართველოში დღეს სულ 14 კომერციული ბანკია, მათგან 3 სისტემურია, რომელიც რეალურად შეძლებს ამის განხორციელებას. კომერციული ბანკები ბიზნეს სუბიექტები არიან და ისინი ყველაფერს იმის მიხედვით გათვლიან, რამდენად მისაღებია ეს პირობები მათთვის.

ამასთან, სესხზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარის დაწესება არის ერთგვარი ჩარევა საბაზრო პრინციპეპში, თუმცა რადგან სახელმწიფო ერთგვარად მონოპოლიას ანიჭებს იმ კომერციულ ბანკს, რომელიც თითქმის 7 წლის განმავლობაში დაარიგებს პენსიას, ამიტომ სახელმწიფოც თავის ბერკეტს დებს და საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარს აწესებს. ვნახოთ, გამოჩნდება რამდენი კომერციული ბანკი დაინტერესდება, ისევ დაინტერესდება თუ არა „ლიბერთი ბანკი“ ამ პირობებით. არ მინდა, შეიქმნას მდგომარეობა, როცა მთავრობა კონკურსს აცხადებს და კომერციულ სექტორს ეს არ აინტერესებს“, - განაცხადა კეპულაძემ.

საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან სესხების სუბსიდირების წინააღმდეგია, აღნიშნავს, რომ 15 მლნ ლარი არ არის ის თანხა, რომელსაც სახელმწიფო ვერ გადაიხდის.

„პენსიების დარიგება დაახლოებით 15 მლნ ლარი ჯდება. სოფლებში 200 000 პენსიონერისთვის პენსია სახლში მიაქვთ. თუ პენსიონერთა ინტერესებიდან გამოვალთ 15 მლნ ლარი არ არის ის თანხა, რომელიც სახელმწიფომ ვერ უნდა გადაიხადოს, რათა პენსიონერებმა ცოტა უფრო დაბალ პროცენტში შეძლონ სესხის აღება“, - აღნიშნა მან.