მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებობს თუ არა საქართველოში პროდუქტების დეფიციტის საფრთხე? - FAO-ს პროგნოზი

623025477760e
თათია ჩაფიჩაძე
15.03.22 23:40
1247
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს პროგნოზით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად სურსათისა და საკვების საერთაშორისო ფასები შეიძლება 8%-დან 22%-მდე გაიზარდოს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022-დან 2023 წლამდე მოშიმშილე ადამიანების რიცხვი გლობალურად შესაძლოა 8-13 მილიონით გაიზარდოს.

იმის გათვალისწინებით რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი ვარაუდობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის იმპორტს არ აკრძალავს და დეფიციტური პროდუქტები არ გვექნება, თუმცა ფასები პროდუქტებზე მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„ძალიან ბევრი გამოწვევაა, ჯერ არ ვიცით რამდენად მოხდება იმ მიწების გამოყენება, რაც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანისთვის. თვითონ უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიწების 50%-იან ათვისებას პროგნოზირებს. უკრაინასთან მიმართებით არის რისკების მთელი ციკლი, რაც ასეთ კრიზისებში ჩნდება ხოლმე, მათ შორის ლოჯისტიკურიც.

რაც შეეხება რუსეთს, რუსეთმა შეიძლება კარგი მოსავალი მიიღოს, მაგრამ ხაზი უნდა გაესვას იმ სანქციებს, რაც მათ წინააღმდეგ არის დაწესებული და რაც შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს. ეს ცალსახად აისახება რუს ფერმერებზე, მათ წარმოებაზე და იქიდან იმ პროდუქტების ექსპორტზე, რომელზეც მსოფლიოა დამოკიდებული. ეს ეხება პირველ რიგში მარცვლეულ კულტურებს - ხორბალს, ქერს, სიმინდს, მზესუმზირას. ფასების გაზრდა ცალსახაა, განსაკუთრებით ეს შეეხება განვითარებად ქვეყნებს, იმიტომ რომ მათთვის ცოტა რაოდენობა იქნება ხელმისაწვდომი, ამიტომ ცალსახაა რომ შიმშილის გაზრდას ვარაუდობენ ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები.

ამასთან, საწვავზე ფასები იზრდება, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია სასუქებზე ფასების გაზრდაც, ეს ყველაფერი განაპირობებს იმას რომ ფასებზე დიდი ზეწოლა იქნება. ჩვენთან გასულ წელსაც დიდი იყო ინფლაცია სასურსათო პროდუქციაზე და სამწუხაროდ იგივე ტრენდი გაგრძელდება წელსაც, თუმცა ახლა რთულია პროგნოზის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენით იქნება მატება, ცხადია ეს დამოკიდებულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ხანგრძლივობაზე.

ჩვენზეც იმოქმედებს სურსათის შემოტანის კუთხით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ სანქციებს არ შევუერთდით, შეიძლება ვთქვათ რომ ისეთი საფრთხე არ დადგება როგორც სხვა ქვეყნებთან მიმართებით. თუმცა ეს დინამიკური პროცესია, შეიძლება რუსეთმა ჩაკეტოს გატანა, ისევე როგორც უკრაინა იქცევა, თავის მარაგებს ქმნის, რთულია დღეს საუბარი, ეს არის კრიზისი, რომელიც ჩვენც შეგვეხება ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანას, რა იქნება მასშტაბი, ეს დამოკიდებული იქნება პროცესების განვითარებაზე.“ - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ მომზადებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 10 წელში რუსეთიდან საქართველოში სასურსათო პროდუქციის იმპორტის წილი 19-დან 26%-მდე - (213 მილიონიდან 349 მილიონ აშშ დოლარამდე) გაიზარდა.

2021 წლის მონაცემებით იმპორტირებულია 349 მლნ დოლარის ღირებულების აგრო-სასურსათო პროდუქცია რაც რუსეთიდან საქართველოში მთლიანი იმპორტის 34%-ია. რუსეთზე ყველაზე მეტად დამოკიდებულები ვართ ხორბლის, მზესუმზირას ზეთის, შოკოლადის, საკონდიტრო ნაწარმის, მარგარინის, სიმინდის, მაკარონის ნაწარმის იმპორტის თვალსაზრისით.