მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებული ტემპით საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 8 დღეში გაორმაგდება - ლევან სურგულაძე

5e8b4c31effc0
შოთა ტყეშელაშვილი
06.04.20 19:45
5396
საქართველოს საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე საკუთარ facebook-ზე კორონავირუსის გავრცელების ტემპთან დაკავშირებით აქვეყნებს პოსტს. სურგულაძე აღწერს, რომ COVID-19-ის გამოვლენილი შემთხვევების მატება უკვე ექსპონენციურად მიმდინარეობს. ამასთანავე, სურგულაძე აღნიშნავს, რომ იმ ტემპით, რა ტემპითაც ვირუსი საქართველოში ვრცელდება, მაღალია ალბათობა, რომ მომდევნო 8 დღის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდება, თუმცა ინფიცირების გაორმაგების ტემპი სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად დაბალია. 

ლევან სურგულაძე საქართველოში COVID-19-ის გავრცელების ტემპის შესახებ:




კორონავირუსი: როგორც ყოველდღიური მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ რეგისტრირებული დაინფიცირებულების ზრდა უკვე ექსპონენციალურად მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი უკვე შიდა გადაცემით ვრცელდება. დასაწყისში ძირითადად ვირუსის "იმპორტი" გვქონდა.

დღეის მონაცემებით, გავრცელება შემდეგი მარტივი ფუნქციით აღიწერება 5 x e^ [0.0862 x t ] სადაც e არის ეილერის რიცხვი და დაახლოებით, ტოლია 2.71828. "x" აქ გამრავლების ნიშანია. 5 ნიშნავს იმ დაინფიცირებულების რიცხვს, რომლებმაც დაიწყეს სხვების დაინფიცირება და არ იყვნენ იზოლირებულნი. რიცხვი 0.0862 არის ის მთავარი რიცხვი, რომელიც გავრცელების სიჩქარეს / ინტენსივობას განსაზღვრავს და მთლიანად არის დამოკიდებული ჩვენს მიდგომებზე და შედეგად იმაზე, თუ ერთი დაინფიცირებული რამდენის დაინფიცირებას მოასწრებს:

1) თუ, მაგალითად, ყველა ჯანმრთელი სახლებში დავიმალებით, დაინფიცირებულები ივლიან ქუჩაში და ვეღარავის დააინფიცირებენ და 0.0862 გახდება 0 და გავრცელება შეწყდება;
2) თუ გვექნება იდეალური სწრაფი ტესტი, რომელიც მომენტალურად გამოააშკარავებს დაინფიცირებულს, რომელიც მაშინვე იზოლირდება და ვეღარავის დააინფიცირებს, მაშინაც 0.0862 წავა 0-სკენ და გავრცელება შეწყდება;
3) დაავადების ინკუბაციური პერიოდი რომ იყოს, იდეალურ ჰიპოთეტურ შემთხვევაში, ვთქვათ 1 წუთი ან ნაკლები, მაშინაც 0.0862 წავა 0-სკენ და გავრცელება შეწყდება. ამიტომ არის სწრაფი ტესტები უკიდურესად მნიშვნელოვანი, სოციალურ დისტანცირებასთან ერთად.

0.0862 ასევე წავა შემცირებისკენ რაც უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდება. თუ ყველა დაინფიცირდება ან ნაწილი დაინფიცირდება და ჯანმრთელები ან/და დაინფიცირებულები დაიმალებიან / იზოლირდებიან - გავრცელება შეწყდება. ზემოთმოყვანილი გავრცელების ფუნქცია მეტი სიცხადისთვის შემდეგი სახით გადავწეროთ: 5 x (1+0.09)^t რაც იმას ნიშნავს, რომ რეგისტრირებული დაინფიცირებულების რიცხვი ამჟამად დღეში 9%-ით იმატებს და დაინფიცირებულების რიცხვი გაორმაგდება, დაახლოებით, 8 დღეში (ხვალიდან დაწყებული).

9% არ არის ძალიან დიდი და ის 2-3-ჯერ ნაკლებია სხვა ქვეყნებთან შედარებით. მიუხედავად ამისა, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, მათ შორის, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ და რაც სხვა ექსპერტების რეკომენდაციებშია, ამ 9%-ის შესამცირებლად (არის ქვეყნები, მაგალითად სინგაპური, სადაც ეს რიცხვი მცირეა). ამჟამად, გავრცელების ფაზაში ვართ და ზემოთ მოყვანილი მოდელი საკმარისია. რაღაც ეტაპზე, გავრცელების სისწრაფე დაიწყებს კლებას და დაინფიცირებულების რიცხვი გავა "პლატოზე" და შემდგომ დაიწყებს შემცირებას (გამოჯანმრთელების ეფექტი).

უფრო სოფისტიცირებულ მოდელს მოგვიანებით მოგაწვდით. შესაბამისი გრაფიკი დღევანდელი მონაცემების ჩათვლით იხილეთ ზემოთ. ცხადია, პირველი 10 დღისთვის სიზუსტე ნაკლებია, რამეთუ ძირითადად ვირუსის "იმპორტზე" ვიყავით დამოკიდებული. ზემოთმოყვანილი ფუნქცია კი შიდა გავრცელებას აღწერს.