მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებული ტემპით საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 9 დღეში გაორმაგდება - ლევან სურგულაძე

5e99e2b29d97f
შოთა ტყეშელაშვილი
17.04.20 20:55
3421
საქართველოს საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე საკუთარ facebook-ზე კორონავირუსის გავრცელების ტემპთან დაკავშირებით აქვეყნებს პოსტს. სურგულაძე აღწერს, რომ COVID-19-ის გამოვლენილი შემთხვევების მატება ექსპონენციურად მიმდინარეობს. არსებული ტემპის მიხედვით კი, მაღალია ალბათობა, რომ მომდევნო 9 დღის განმავლობაში შემთხვევების სრული რაოდენობა გაორმაგდება. თუმცა, სურგულაძის აღწერით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები სოციალური დისტანცირების წესებს არ დაიცავენ, ზრდის ტემპი შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს და ქვეყანაში დროის საკმაოდ მოკლე პერიოდში მძიმე ეპიდემიური სურათი დადგეს. 

ლევან სურგულაძე საქართველოში COVID-19-ის გავრცელების ტემპის შესახებ:



"გავაგრძელებ ვირუსის გავრცელების მარტივ მოდელირებას და ოდნავ დავაკორექტირებ 6 აპრილის პოსტში მოცემული პარამეტრების მნიშვნელობებს, მიმდინარე მონაცემების გათვალისწინებით. დღეის მონაცემებით, გავრცელება შემდეგი ექსპონენციალური ფუნქციით აღიწერება 5 x e^ [0.0822 x t ]
და ნიშნავს იმას, რომ მიმდინარეობს შიდა გავრცელება.

დავაზუსტებ, აქ e არის ეილერის რიცხვი და დაახლოებით ტოლია 2.71828. "x" გამრავლების ნიშანია. 5 ნიშნავს იმ დაინფიცირებულების რიცხვს, რომლებმაც დაიწყეს სხვების დაინფიცირება და არ იყვნენ იზოლირებულნი.

ზემოთ მოყვანილი ფუნქცია შეიძლება ასეთი სახითაც გადაიწეროს:

5 x (1+0.0857)^t

რაც იმას ნიშნავს, რომ რეგისტრირებული დაინფიცირებულების რიცხვი ამჟამად დღეში 8.57%-ით იმატებს და დაინფიცირებულების რიცხვი გაორმაგდება ხვალიდან დაახლოებით 9 დღეში.

0.0822 რიცხვი გვიჩვენებს თუ რამდენად ინტენსიურია შიდა გავრცელება ამ ეტაპზე. მართლაც, ერთი დაინფიცირებული 2 ადამიანის დაინფიცირებას დაახლოებით 9 დღე მოუნდება. შესაბამისად, შიდა გავრცელება არ არის ინტენსიური და ზემოთ მოყვანილი პარამეტრების არსებით ცვლიელებებს არ უნდა ველოდოთ, თუ, რა თქმა უნდა, ქვეყანაში არ მოხდა რაიმე მნიშვნელოვანი თვისებრივი ცვლილება, როგორც დადებითი, მაგალითად, სოციალური დისტანცირების მაქსიმალური აღსრულება ან/და სწრაფი და ხელმისაწვდომი ტესტები ყევლასთვის, ასევე უარყოფითი - ადამიანების მასობრივი დაინფიცირება, მაგალითად, აღდგომის დღესასწაულის პერიოდში.

ცხადია დაინფიცირებულების ექსპონენციალური ზრდა მხოლოდ გარკვეული პერიოდი გაგრძელდება, შემდგომ ზრდის სიჩქარე დაიწყებს კლებას, გაუტოლდება ნულს ("პლატო"), ხოლო შემდგომ, გამოჯანმრთელების გათვალისწინებით, დაიწყება კლება. მიბმულ მეორე გრაფიკზე "პლატოზე გასვლის მოდელია გამოსახული, რომელიც შემდეგი ფუნქციით აღიწერება:

N / [ 1 + e^( 0.0822 (t0 - t) ) ]

სადაც, N=1000 არის დაინფიცირებულების ის მაქსიმალური რიცხვი, რომლის შემდგომაც მატება წყდება. ეს, სავარაუდოდ, გონივრული დაშვებაა, თუ გავრცელების ინტენსივობის განმსაზღვრელი პარამეტრი 0.0822 არსებითად არ შეიცვალა, რაიმე მიზეზის გამო. t0=60 არის 25 თებერვლიდან გასული იმ დღეების რაოდენობა, რომლის შემდეგაც დაინფიცირებულების რიცხვის ზრდა იწყებს შენელებას (მიაქციეთ ყურადღება, ზრდის შენელებას და არა ზრდის შეწყვეტას).



ყველა ქმედება, მათ შორის, უფრო მეტი სოციალური დისტანცირება, კარანტინი, დაინფიცირების წყაროების სწრაფი აღმოჩენა და იზოლირება, სწრაფი და ხელმისაწვდომი ტესტები ყველასთვის, პირბადეები ყველასთვის - გამოიწვევს გავრცელების ინტენსივობის განმსაზღვრელი პარამეტრის 0.0822 -ის კიდევ უფრო შემცირებას და "პლატოზე" გასვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავრცელების ინტენსივობა რადიკალურად გაიზრდება და დაინფიცირებულების რიცხვმა პლატოზე გასვლისას რამოდენიმე ათეულ ათასსაც კი შეიძლება მიაღწიოს, რაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემის სრულ კოლაფსს გამოიწვევს, აქედან გამომდინარე ქვეყნისთვის ძალზედ სავალალო შედეგებით. გისურვებთ ჯანმრთელობას! დარჩით სახლში!,"- წერს ლევან სურგულაძე.

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 370, გამოჯანმრთელების 79 და გარდაცვალების 3 შემთხვევა არის აღრიცხული.