მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არტიშოკის ბაღი წყალტუბოში - რა მოთხოვნაა პროდუქტზე საქართველოში?

60b8ed8a05fef
ვიქტორია მღებრიშვილი
04.06.21 09:40
3561
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ მაღლაკში ნუგზარ ჟორჟოლიანმა 2019 წელს ოჯახის წევრებთან ერთად არტიშოკის ბაღი გააშენა. კულტურა 100 კვ.მ. მიწის ფართობზეა გაშენებული.  

მეურნეობის მფლობელი ნუგზარ ჟორჟოლიანი BM.GE-სთან საუბრისას ყვება, რომ პროდუქტი დღეს საქართველოში არც ისე ცნობილია, სწორედ ამის გამო მისი სამიზნე აუდიტორია თავდაპირველად საქართველოში შემოსული ტურისტები იყვნენ, თუმცა, პანდემიამ მეურნეობის გეგმები შეცვალა.

„გასულ წელს ბაღიდან 150 კგ-მდე არტიშოკი მივიღეთ, რომლის რეალიზება თბილისში რესტორნებსა და ონლაინ მაღაზიების საშუალებით მოვახდინეთ. 1 კგ არტიშოკის ფასი დაახლოებით 55-66 ლარი იყო. უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართველებში ეს პროდუქტი დიდად ცნობილი არ არის, ამიტომ რესტორნებიც პანდემიის დაწყებამდე ძირითადად ტურისტებისთვის გვიკვეთავდნენ“, - ამბობს მეურნეობის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, მდგომარეობა წელს რადიკალურად შეიცვალა. მოთხოვნა შემცირდა და არტიშოკი ახლა მხოლოდ ონლაინ-მაღაზიების საშუალებით იყიდება.

„დღეისთვის ტურიზმის დაბალი აქტივობის გამო არტიშოკზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირებულია. შესაბამისად, შემცირებულია ფასიც. ონლაინ მაღაზიაში დაახლოებით 30-35 ლარად ვაბარებთ. ხარჯების დაფარვა გვიჭირს, თუმცა ვუძლებთ. მირჩევnია ხარჯი გავიღო და გავყიდო არტიშოკი, ვიდრე გამიფუჭდეს და გადავყარო“, - აღნიშნა ნუგზარ ჟორჟოლიანმა.

რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, არტიშოკის ბაღის მეპატრონე BM.GE-ს უხსნის, რომ ბაღი იუსტიციის სამინისტროს დახმარებით მსჯავრდებულების რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში გააშენა, შესაბამისად, მისი ინვესტიცია მხოლოდ მიწის ნაკვეთი იყო, რომელიც ოჯახს ეკუთვნოდა.

„2019 წელს ჩამომიტანეს ნერგები საფრანგეთიდან და 1 ძირი 30-32 ევრომდე ჯდება, ფინანსური რესურსი სრულად მათი იყო და ჩემი იყო მიწა, რომელზეც მეურნეობა მოვაწყვეთ. არტიშოკი 4-წლიანი პროდუქტია და ამის შემდეგ ის თავის ხარისხს და სასარგებლო თვისებებს კარგავს. არტიშოკის ბაღის გაფართოება გვინდა, თუმცა ვაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები“, - უთხრა BM.GE-ის ნუგზარ ჟორჟოლიანმა.