მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესი განვითარებაზე ნაკლებადაა ორიენტირებული"

5de382391ff61
თელარა გელანტია
01.12.19 15:20
1661
„ცუდი პროცესები მიდის ქვეყანაში, რაც ნეგატიურად აისახება როგორც ბიზნესზე, ისე - თითოეულ თანამოქალაქეზე“, - ასე აფასებს bm.ge-ისთან ინტერვიუში ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი ქვეყანაში მიმდინარე პლიტიკურ პროცესებს და დასძენს, რომ „გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესი და საზოგადოება განვითარებაზე ნაკლებადაა ორიენტირებული.

„საკმაოდ რთულია დღეს რაიმეს დაგეგმვა და განხორციელება“, - ამბობს ჩოჩელი.

ბიზნესმენის აზრით, არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებასთან ერთად, რომელიც უმთავრესი გამოწვევაა, კერძო სექტორისთვის სამომავლო გეგმების დასახვას აფერხებს არასტაბილური ლარის კურსიც.

„ძალიან ძნელია, დაიგეგმოს რაიმე ქმედება, როცა ასე არასტაბილური ლარის კურსის პირობებში გვიწევს მუშაობა, რადგან საწარმოო დანადგარები, საწარმოო ხაზები, ტექნოლოგიები და ა.შ. ეს ყველაფერი იმპორტირებულია და დღეს უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ნებისმიერი ინვესტიცია წლის ბოლომდე 20%-30%-ით გიძვირდება ეროვნულ ვალუტაში“, - ამბობს ჩოჩელი.

მისივე თქმით, იმისთვის რომ ტურიზმმა მეტი ეფექტი იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე, მათ შორის ლარის კურსის დასტაბილურებაზე, საჭიროა, ადგილობრივი წარმოების განვითარება.

„ტურიზმის ეფექტი ჩვენთან გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ნებისმიერ განვითარებიულ ქვეყანაში, რადგან პროდუქცია, მომსახურება, რომელსაც ჩვენთან ჩამოსული ტურისტი იღებს, თითქმის ყველაფერი იმპორტირებულია. შესაბამისად, მის მიერ დახარჯული თანხა ისევ უცხოეთში ბრუნდება. ამიტომ პირველი რიგის ამოცანა, რომ ტურიზმმა მეტი ეფექტი იქონიოს, უნდა იყოს ადგილობრივი წარმოების განვითარება“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.