მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასეთი გამოცდა ჯანდაცვის სისტემას არასდროს ჰქონია - ამირან გამყრელიძე

609b8656932e8
ინგა მურუსიძე
12.05.21 11:59
1765
"დღიური ინფიცირების რიცხვი 5-7 ათასი იყო, ასეთი გამოცდა ჯანდაცვის სისტემას მანამდე არასდროს ჰქონია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ FORBES HEALTH-ში სტუმრობისას განაცხადა. 

კითხვას - როგორ გაუძლო და გადალახა სისტემამ პიკი, გამყრელიძემ უპასუხა, რომ შემოდგომაზე, როცა ინფიცირების ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო, ინფიცირებულთა ნაწილი კლინიკებში იმართებოდა, დანარჩენი კი კოვიდ-სასტუმროებსა და ბინაზე და ჯამში, "სისტემამ გაუძლო".

"ასეთი გამოცდა ჯანდაცვის სისტემას არასოდროს ჰქონია. მახსოვს მიწისძვრები, გალის კონფლიქტიც, 2008 წლის ომიც და ა.შ. ასეთი ზეწოლა სისტემაზე არ მახსოვს. გასაგებია, რომ გარდაცვალების 4000 ფაქტი ძალიან ბევრია, თუმცა ჯერადობით მეზობელ ქვეყნებში გარდაცვალების მაჩვენებელი გაცილებით მეტია. კითხვაზე - როგორ გაუძლო სისტემამ, პასუხი რთული გასაცემია, ამას ანალიზი დასჭირდება, როგორი იყო წინაკლინიკური და პოსტკლინიკური მართვა, ბინაზე მართვა, პროფილაქტიკური, პრევენციული მართვა... ალბათ ამის ანალიზი გაკეთდება და ნებისმიერ კრიტიკას მივიღებ, თუმცა ეს კრიტიკა ჯანსაღი უნდა იყოს. შეცდომაც იყო დაშვებული, ხარვეზიც, თუმცა სისტემამ გაუძლო. რა თქმა უნდა, იდეალურად არაფერი ყოფილა და ჯერ ვერც იქნება, მაგრამ სამედიცინო პერსონალი გადამზადდა, ტრენინგები ჩატარდა და ა.შ.", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, "ცუდად თუ კარგად, სამედიცინო პერსონალის ხარჯზე პანდემიის ამ ნაწილს სისტემამ გაუძლო".

ამასთან, ამირან გამყრელიძემ უპასუხა კრიტიკას იმის შესახებ, თუ რაში გამოიყენა ქვეყანამ ის ფინანსური დახმარება, რაც საერთაშორისო დონორებისგან მიიღო.

"ესეც უნდა განალიზდეს და ხალხმა უნდა იცოდეს, დახმარებები რაში გამოვიყენეთ. ამ წლების განმავლობაში ქვეყანაში 4,5 მლნ ტესტია ჩატარებული. იქიდან 60% - PCR, დანარჩენი - ანტიგენზე დამყარებული. ეს საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ამას ბიუჯეტის ფულით ხომ ვერ გააკეთებდა ქვეყანა?! ეს ყველაფერი იხარჯებოდა დონორების, საკრედიტო თანხებით. არავინ ფიქრობდა, რომ რუხის საავადმყოფო, ბათუმის და თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოები ამუშავდებოდა. ეს ყველაფერი კი არის შედეგი ჩვენი არათანამიმდევრულობისა, რომელიც იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში. ერთხელ და სამუდაოდ ქვეყანა უნდა შეთანხმდეს ყველაფერზე, ეკონომიკა, პოლიტიკა, ჯანდაცვა. რითი გვჯობია ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ? როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ესტონეთმა აირჩია სისტემა და მას მიჰყვება. ცუდია თუ კარგი, აირჩია და მიჰყვება. მოხდა პოლიტიკური კონსენსუსი. ჩვენ 4-ჯერ თავიდან შევცვალეთ ეს და ვაგინებთ წინამორბედებს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ FORBES HELATH-ში სტუმრობისას.