მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასეთი ურთიერთობა სწორი არ არის - რა ხდება მთავრობას და "თბილისი ენერჯის" შორის?

5fdc9017740f5
ინგა მურუსიძე
18.12.20 21:44
1397
“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, 2021 წლის 3 იანვრიდან თბილისის არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ღირებულება ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით გაიზრდება და 1.1 ლარი გახდება. ახალი ტარიფი პურის საცხობებს არ შეეხება. კომპანიაში ტარიფის ზრდის მიზეზად ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებას ასახელებენ, რის გამოც კომპანიას შესასყიდი ბუნებრივი აირის ღირებულება გაეზარდა.

კომპანიის ამ განცხადებას ბიზნეს სექტორისგან და მთავრობისგან ერთგვაროვანი, კრიტიკული რეაქცია მოჰყვა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ მაშინ თქვა, რომ მთავრობა კომპანიასთან კომუნიკაციას გამართავდა და გაარკვევდა თუ რატომ იზრდება ტარიფი, ან შესაძლებელია თუ არა გადაწყვეტილების გადადება.

შედეგად კი, გუშინ თურნავამ განაცხადა, რომ „თბილისი ენერჯიმ“ კომუნიკაციის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და ტარიფი აღარ გაიზრდება. არავინ იცის, რომელი უფრო დამაჯერებელია საზოგადოებისთვის, თუმცა თავად კომპანიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება არ შეცვლილა.

„ანალიტიკის“ ეთერში გადაცემის სტუმარმა, „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორმა მურმან მარგველაშვილმა საკითხზე საუბრისას თქვა, რომ მსგავსი კომუნიკაცია არასწორი და მიუღებელია:

“ძნელი სათქმელია ზეწოლა განხორციელდა, თუ რა ურთიერთობაა, თუმცა ცხადია, რომ ასეთი ტიპის ურთიერთობა არ არის ის, რისკენაც ჩვენი ქვეყანა უნდა მიდიოდეს. ეს უნდა იყოს დარეგულირებული მარეგულირებლის მიერ სწორად იქ, სადაც არის მონოპოლია, მაგრამ იქ, სადაც არ არის მონოპოლია, უნდა იყოს ბაზარი. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს აღრევასთან, რადგან „თბილისი ენერჯი“ დეფაქტო არის მონოპოლისტი გაზის სექტორში და ის განაცხადი, რომ თვითონ აწესებს ტარიფებს, არის რეგულირების პრინციპის დარღვევა. ან კონკურენცია უნდა გავაჩინოთ ბაზარზე, ან უნდა მოხდეს რეგულირებისადმი დაქვემდებარება. არაფორმალური მოლაპარაკებები ცუდ მოგონებებს აჩენს და არის არა დასავლური დემოკრატიის, ან განვითარებული ქვეყნის ნიშანი, არამედ პირიქით, 30 წლის წინ გადაყავს ქვეყანა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუკი მოქალაქეები პასუხისმგებლობით მიუდგებიან საკითხს და ბოლომდე გავერკვევით, თუ რატომ ითხოვდა „თბილისი ენერჯი“ ტარიფის გაზრდას, ან სამინისტრო რა არგუმენტებით ითხოვდა, რომ ტარიფი არ შეცვლილიყო, რა მოგვაკლდება და ა.შ.

„ლარის კურსის ცვალებადობა ტარიფზე აისახება, თუმცა მარჩიელობით მთლიან სურათს ვერ დავხატავთ. სიმახინჯეა, როცა ნაწილი რეგულირდება, ნაწილი არ რეგულირდება და მონიპოლისტის ხელში არის გადასული ეკონომიკა. საკითხი უნდა დარეგულირდეს კომისიის მიერ, უნდა იყოს გამჭვირვალე. არც ეკონომიკაში, არც პოლიტიკაში და არც არსად უფასო არაფერი არ არის, უნდა ვიცოდეთ სად რას ვიხდით და რატომ, ამის შემდეგ გაცილებით უსაფრთხო და საიმედო იქნება ჩვენი მომავალი“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.