მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ და EU: მოვუწოდებთ ყველა პარლამენტარს, ხელი მოაწერონ შარლ მიშელის შეთანხმებას

607c23ddba9f2
BM.GE
18.04.21 16:13
705
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის პრესსპიკერი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი საქართველოში ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე პროცესზე საერთო განცხადებას აკეთებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ და ევროკავშირი საქართვლოს პოლიტიკურ სპექტრს ფართო შეთანხმებისკენ და შარლ მიშელის მიერ დღეს წარდგენილი შეთანხმებისთვის ხელმოწერისკენ მოუწოდებს. 

"თითქმის ექვსთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი აზრი, რომ სურთ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და ყველა არჩეული წევრის ერთობლივი მუშაობა პარლამენტში ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების, მათ შორის, რეგიონული გამოწვევების, კოვიდისა და ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული. ეს არის შეთანხმება, რომელსაც ყველა წევრმა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით უნდა მოაწეროს ხელი. ცალმხრივი განცხადებები ძირს უთხრის ფართო შეთანხმების მიღწევის მიზანს.

შეთანხმებაში გათვალისწინებული ინსტიტუციური რეფორმები წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და არის სარგებლის მომტანი მისი მოქალაქეებისთვის. აღნიშნული რეფორმები ხელს უწყობს შექმნას უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, უფრო ძლიერი საარჩევნო პროცესები და პარლამენტი, რომელსაც უკეთესად შეუძლია წარმოადგინოს ქართველი ხალხის ხმა.

ამ კომპრომისზე წასვლით ყველა მხარე წარმოაჩენს კეთილგონიერებასა და მზაობას, რომ საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე წინ დააყენებს,"- ნათქვამია აშშ-ისა და ევროკავშირის ერთობლივ განცხადებაში.