მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-დან საქართველოში სატვირთო ფრენები შესრულდება

61114e8c7f5a1
BM.GE
09.08.21 19:40
7503
ავიაკომპანია Silk Way West Airlines ჩიკაგო - თბილისი - ბაქოს მიმართულებით სატვირთო რეისების შესრულებას იწყებს - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს მსგავსი სახის პირველი ფრენები იქნება. 

"მნიშვნელოვანია, რომ აშშ-დან თუნდაც სატვირთო ფრენები საქართველოში შესრულდება. მეორე - ეს ძალიან პოზიტიური ფაქტია ჩვენი ეკონომიკისთვის, რადგან სატვირთო გადაზიდვები, მათ შორის, საავიაციო გადაზიდვები იმატებს. 2020 – 2021 წლებში ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან კარგი დინამიკა გვქონდა“, - განაცხადა მინისტრმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფრენები აღნიშნულ საჰაერო ხაზზე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის პრაქტიკაში მიღებული ე.წ. „ჰაერის მეხუთე თავისუფლების“ გამოყენებით შესრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ავიაკომპანია აშშ-დან წამოღებული ტვირთების ნაწილს ჯერ თბილისში გადმოზიდავს, ხოლო შემდეგ კი - ბაქოში. შესაბამისად, ავიაგადამზიდველის თბილისში დაჯდომას კომერციული მიზნები ექნება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში Silk Way West Airlines-ის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, პირველი რეისი ჩიკაგო - თბილისი - ბაქოს ხაზზე მიმდინარე წლის 10 აგვისტოს განხორციელდება. ფრენები ამ მიმართულებით მრავალჯერადად იგეგმება. სააგენტოს მიერ, აზერბაიჯანულ სატვირთო ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 6 აგვისტოს მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ს აღნიშნული ფრენების შესრულებაზე ნებართვა მას შემდეგ მიენიჭა, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის „ჰაერის მეხუთე თავისუფლების“ გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გაიმართა.