მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ი და EU ავიამწარმოებლების სუბსიდირების დავის ფარგლებში დაწესებული ტარიფების შეჩერებაზე შეთანხმდნენ

60432126a23af
თამთა ჯიჯავაძე
06.03.21 10:44
581
აშშ-ი და ევროკავშირი Boeing-სა და Airbus-ის სუბსიდირების დავის ფარგლებში ერთმანეთისთვის დაწესებული ყველა ტარიფის ოთხი თვით შეჩერებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის ცნობით, ტარიფების შეჩერებამ შესაძლოა ტრანსატლანტიკური სავაჭრო პარტნიორობა გააუმჯობესოს. ევროპასა და ამერიკას შორის სავაჭრო დავა დაახლოებით 17 წლის წინ მსოფლიოს ორი წამყვანი კომერციული ავიამშენებელი კომპანიების სუბსიდირებასთან დაკავშირებით დაიწყო. დავის ფარგლებში დაწესებული ტარიფები $7.5 მილიარდის ღირებულების ევროპული პროდუქტის აშშ-ში ექსპორტსა და $4 მილიარდის ღირებულების ამერიკული პროდუქტის ევროკავშირში ექსპორტზე მოქმედებდა.

„ეს მიუთითებს კავშირების გადატვირთვას ჩვენს უმსხვილეს და ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორთან. ამ ტარიფების შეჩერება ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანია, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, როდესაც ჩვენი დასაქმებულები და ეკონომიკები მძიმე დარტყმის ქვეშ არიან“, - განაცხადა ევროკავშირის კომისარმა სავაჭრო საკითხებში ვალდის დომბროვსკისმა.

ცნობისთვის, ყველაფერი 2004 წელს დაიწყო, როდესაც ევროკავშირმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ ამერიკული Boeing-ის $19 მილიარდის ოდენობით სუბსიდირება არასამართლანი იყო, მოგვიანებით აშშ-მა ევროპა დაადანაშაულა ევროპული Airbus-ის არასამართლიან სუბსიდირებაში. დავა გასულ წელს გამწვავდა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპულ პროდუქციაზე, მათ შორის პარმეზანის ყველზე, ფრანგულ ღვინოსა და შოტლანდიურ და ირლანდიურ ვისკიზე ტარიფები დააწესა. საპასუხოდ ევროკავშირმაც იგივე გადაწყვეტილება მიიღო ამერიკულ პროდუქციასთან დაკავშირებით. ახლა კი, ბაიდენის ადმინისტრაციის ფარგლებში, როგორც ჩანს, მხარეებმა ვითარების განმუხტვა და ურთიერთობის დათბობა გადაწყვიტეს.