15.აგვისტო .2019 22:30

აშშ ირანისთვის გიბრალტარში დაკავებული ტანკერის გადაცემის წინააღმდეგია

views 303
უკან

აშშ ირანული მხარისთვის გიბრალტარში დაკავებული ტანკერის გადაცემის წინააღმდეგია.

საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ცნობით, შტატები Grace 1-ის დაკავების მომხრეა. შესაბამისი მოთხოვნა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა უკვე გააგზავნა, ახლა კი, საბოლოო გადაწყვეტილებას გიბრალტარის გენერალური პროკურორი მიიღებს.

ირანული ტანკერი Grace 1 გიბრალტარის მთავრობამ დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-სასაზღვრო ფლოტის დახმარებით 4 ივლისს დააკავა. 330-მეტრიან სუპერტანკერს  სირიის დიქტატორ ბაშარ ალ ასადისთვის ნავთობი გადაჰქონდა, რომელსაც ის საომარი ტექნიკისთვის იყენებს. ფაქტი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ხელყოფა და დარღვევაა. მას შემდეგ დაკავებული ტანკერი გიბრალტარის ტერიტორიაზე იმყოფება.

ინციდენტის შემდეგ, ირანსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა გამწვავდა. ირანის ხელისუფლებამ ადეკვატური რეაგირებით დაიმუქრა. როგორც ცოტა ხნის წინ, გაერთიანებულ სამეფოში განაცხადეს, სპარსეთის ყურეში ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხუთმა შეიარაღებულმა ნავმა ბრიტანული ნავთობმზიდის British Heritage ბლოკირება მოახდინა და მას ირანის ტერიტორიულ წყლებში გაჩერება მოსთხოვა. ინციდენტი მას შემდეგ ამოიწურა, რაც ვითარების მოგვარებაში ბრიტანული ტანკერის თანმხლები რაკეტებით აღჭურვილი სამეფო ფლოტის სამხედრო ხომალდი ჩაერთო, რომელმაც ირანულ მხარეს რადიოკავშირის მეშვეობით გაფრთხილება გაუგზავნა. სწორედ, ამის შემდეგაც, ირანელებმა უკან დაიხიეს.