მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ეკონომიკა რეცესიის რეალური საფრთხის წინაშე არ დგას - ჯანეტ იელენი

62a2edc6182ed
გიორგი თოლორდავა
10.06.22 11:20
1132
სენატის ფინანსური კომიტეტის წინაშე ანგარიშის წარდგენისას აშშ-ის ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ მაღალი ინფლაციისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, აშშ-ის ეკონომიკა რეცესიის რეალური საფრთხის წინაშე არ დგას.

„არ ვფიქრობ, რომ რეცესია გვენება. სამომხმარებლო ხარჯები და ინვესტიციები სოლიდურ ნიშნულზეა.
ვიცი, რომ მოსახლეობა ინფლაციასთან დაკავშირებით უკმაყოფილოა და მათ ამის რეალური მიზეზიც აქვთ, თუმცა ამჟამად არაფერი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ქვეყანაში რეცესიული მდგომარეობა ვითარდებოდეს“, - განაცხადა იელენმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელმა საკუთარი შეცდომა აღიარა და საჯაროდ განაცხადა, რომ გასულ წელს მისი პროგნოზი ინფლაციასთან დაკავშირებით არასწორი იყო, რადგან მან ვერ შეძლო 2022 წელს მომხდარი მოვლენების წინასწარ განჭვრეტა და რისკის ანალიზის პროცესში რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორის გათვალისწინება.

„როცა მე ვთქვი, რომ ინფლაცია დროებითი პრობლემა იქნებოდა, მაშინ მე არ ველოდი მოვლენების ასეთ სცენარით განვითარებას. მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ covid-19-ის რამდენიმე შტამთან გამკლავების შემდეგ, სურსათისა და ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდის წინაშე აღმოვჩნდებოდით, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრითაა გამოწვეული“, - განმარტა მან.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, აშშ-ის ეკონომიკა რეცესიის რეალური საფრთხის წინაშე დგას, რაც ქვეყანაში მკვეთრად, 8.3%-იან ნიშნულამდე გაზრდილი ინფლაციითა და ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პერსპექტივითაა განპირობებული. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მშპ-ის მაჩვენებელი 1.5%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ვარდნის რეცესიად შესაფასებლად აუცილებელია, რომ მშპ-ის მაჩვენებლის კლება მინიმუმ ორი კვარტლის განმავლობაში მაინც გაგრძელდეს, ამ პერიოდში კი ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის, მოსახლეობის შემოსავლები, ვაჭრობა, წარმოება, დასაქმების დონე და ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაუარესდეს.