მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპს შეამცირებს

63885aae53aad
გიორგი თოლორდავა
01.12.22 11:38
604
აშშ-ის ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის განცხადებით, დეკემბრიდან FED-ი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპს შეამცირებს.

პაუელის განმარტებით, კომიტეტის მომდევნო შეხვედრაზე რეფინანსირების ძირითადი განაკვეთი, სავარაუდოდ, 50 საბაზო პუნქტით გაიზრდება, ნაცვლად 0.75%-ისა.

FED-ის მიერ ნაკლებად ხისტ პოლიტიკაზე გადართვა რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, პირველ რიგში, ოქტომბერში აშშ-ის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა და წლიური ინფლაციის დონემ 7.7% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია ფიქსირდება საბაზო ინფლაციასთან (CPI) დაკავშირებითაც, რომელიც წლიურ 6.3%-მდე შემცირდა, ნაცვლად ნავარაუდევი 6.5%-ისა.

მიუხედავად შემცირებული ინფლაციისა, FED-ის ხელმძღვანელი მაინც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდა ქვეყნის წინაშე არსებული უმთავრესი გამოწვევაა, რომლის დასაძლევად მომდევნო თვეების განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება შედარებით ნაკლებად ხისტი ტემპით მაინც უნდა გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში FED-მა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 75 საბაზრო პუნქტით, 3.75-4.0%-იან ნიშნულამდე გაზარდა.