მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტი სამუშაო ადგილების კრიზისს ვერ ასცდება – CNN

5fa6a1ca40437
თათია კაკიაშვილი
07.11.20 19:00
862
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ ისევ უცნობია, თუმცა, თეთრი სახლის მომდევნო ადმინისტრაციისთვის მთავარი პრიორიტეტი უკვე განსაზღვრულია: ქვეყნის შრომის ბაზრის მდგომარეობის გამოსწორება. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკაში სამუშაო ადგილების კრიზისი ჯერ ისევ მოუგვარებელია. ქვეყანაში პანდემიის ფონზე, არაერთი ბიზნესი დაიხურა, შედეგად, გასულ თვეში 10.7-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგა სამსახური.

ერთი მხრივ, კრიზისის შედეგად დაკარგული 22 მილიონი სამუშაო ადგილიდან თითქმის ნახევარი ამ დროისთვის აღდგენილია, თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში მდგომარეობის გაუმჯობესების ტემპი დაბალია. ამას მოწმობს შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც ვკითხულობთ, რომ ოქტომბერში შრომის ბაზრის აღდგენა შენელდა.

CNN-ის ცნობით, აშშ-ის ეკონომიკამ, ოქტომბერში 600,000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, თუმცა ეს რიცხვი, სექტემბერთან შედარებით, 61,000-ით არის შემცირებული. ვერც ამ გადადგმულმა ნაბიჯმა იმოქმედა ქვეყნის ეკონომიკაზე პოზიტიურად - კიდევ 10 მილიონზე მეტი ადამიანი რჩება, რომელთა ყოველთვიურ შემოსავალზეც კოვიდ პანდემიის გავლენა ჯერ ისევ რეგრესულია და კვლავ “დროებით უმუშევრის” სტატუსი აქვთ.

მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ, სექტემბერში უმუშევრობის დონე 7.9%-ით შემცირდა, რაც ბოლო კვარტალში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ოქტომბერში კი მოსახლეობის 7.7%-ით მეტი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე.

ADP-ის დასაქმების ანგარიშში წერია, რომ კერძო დამსაქმებლების მიერ გასულ თვეში მხოლოდ 365,000 სამუშაო ადგილი დაემატა, ეკონომისტები კი მინიმუმ 650,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ელოდნენ.

საგულისხმოა, რომ ივლისში კონგრესის მიერ მიღებულ კანონს ვადა ამოეწურა, რომელიც დაუსაქმებელი ამერიკელებისთვის, ყოველკვირეულად დამატებით 600 დოლარის ჩეკების გამოწერას ითვალისწინებს. კოლუმბიის უნივერსიტეტის სიღარიბის და სოციალური პოლიტიკის ცენტრის კვლევის თანახმად, ამ ვადის ამოწურვის შედეგად, ყოველთვიურად სიღარიბის მაჩვენებელმა იმატა.

ამავდროულად, დასაქმებულთა ნაწილმა საკუთარი სახელმწიფო შეღავათები ამოწურა და მთავრობის “პანდემიური გადაუდებელი უმუშევრობის ანაზღაურების პროგრამაში” ჩაერთო. 10 ოქტომბრის მონაცემებით, 3.7-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო ეს დახმარება, რომელიც არსებული კრიზისის მოსაგვარებლად შეიქმნა და რომლის ვადაც წლის ბოლოსკენ იწურება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უმუშევარი ამერიკელების რიცხვი 2021 წლის დასაწყისში კიდევ უფრო გაზრდილი იქნება.