მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მთავრობა უმსხვილეს ბანკებს რუსეთთან თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს - Bloomberg

636a5c05c2d42
გიორგი თოლორდავა
08.11.22 17:52
794
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისა და დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, გლობალური საბანკო-საფინანსო ორგანიზაციები რთული დილემის წინაშე აღმოჩნდნენ:  უნდა გაგრძელდეს თუ არა არასანქცირებულ რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობა, თუ სრულად უნდა შეწყდეს რუსეთის ფედერაციასთან საქმიანი ურთიერთობა?

ზოგადად, უმსხვილესი ამერიკული ბანკები და მათი წარმომადგენლები ენიგმატურობითა და დიპლომატიური, არაპირდაპირი გადმოცემის უნარებით გამოირჩევიან, თუმცა მათ შორისაც არის ერთი ადამიანი, რომელიც აზრის მკაფიოდ დაფიქსირებას არასოდეს ერიდება და მისი ხმა ინდუსტრიაში ყოველთვის ყველაზე ხმამაღლა ისმის, ეს ადამიანი პლანეტის უმსხვილესი ბანკის, JPMorgan Chase-ის გენერალური დირექტორი ჯეიმი დაიმონია.

კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ჯეიმი დაიმონმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ფედერალური ხაზინა რუსეთთან თანამშრომლობის საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ ლმობიერ პოზიციას ინარჩუნებენ და ბანკებს მოუწოდებენ, "სტრატეგიული მნიშვნელობის" სექტორებში რუსეთთან თანამშრომლობა არ შეწყვიტონ და საფინანსო საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ, მიუხედავად საერთაშორისო პროტესტისა.

როგორც დაიმონი აღნიშნავს, სტრატეგიულ სექტორებად პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სოფლის მეურნეობას და მედიცინას მიიჩნევს, ამ მიმართულებით თანამშრომლობასთან დაკავშირებით კი, როგორც ჩანს, ამერიკულ ბანკებს მთავრობისგან "მწვანე შუქი" აქვთ.

Bloomberg-ის ინფორმაციით, Citibank-მა და JPMorgan-მა მარეგულირებლისგან არა მარტო საქმიანობის გაგრძელების ნებართვა, არამედ პირდაპირ მოწოდებაც კი მიიღეს.

ბუნებრივია, დაიმონის განცხადებებს კონგრესის მხრიდან პოზიტიური რეაქცია არ მოჰყოლია, უფრო მეტიც, კანონმდებლების სახეებზე ასახულმა გაოცებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ის მთავრობის ქმედებებსა და კონგრესის რიტორიკას შორის არსებულ განსხვავებას.

როგორც ჩანს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები ერთმანეთის საპირისპირო პოლიტიკას ახორციელებენ, მაშინ როცა კონგრესი რუსეთთან საქმიანი ურთიერთობის დაუყოვნებლის გაწყვეტას მოითხოვს, სახელმწიფო დეპარტამენტი ბანკებს საქმიანობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს და განუმარტავს, რომ აკრძალული მხოლოდ ისაა, რაც სანქცირებულია - არც მეტი, არც ნაკლები.

მართალია, ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში აქტივებისა და პორტფელის ნაწილის გაყიდვის გადაწყვეტილება არაერთმა დასავლურმა ორგანიზაციამ მიიღო, მათ შორის, JPMorgan-მა და Citibank-მაც, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ბანკებმა უბრალოდ პროფილი შეიცვალონ და სანქცირებული ენერგეტიკული კომპანიების დაფინანსებიდან სასოფლო-სამეურნეო კომპანიების მხარდაჭერაზე გადაერთონ, რაც ნამდვილად რთულია სანქციების ჭეშმარიტ მიზნად მივიჩნიოთ.