მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის რესტორნების ასოციაცია: ჩვენი ბიზნესი პანდემიამდელ დონეს, სავარაუდოდ, ვეღარ დაუბრუნდება

61fcf13b3ad22
თათია კაკიაშვილი
04.02.22 22:17
467
აშშ-ის რესტორნების ეროვნული ასოციაციის თანახმად, ინდუსტრია პანდემიამდელ მდგომარეობას, სავარაუდოდ, ვეღარასდროს დაუბრუნდება. თუმცა, ამის მიუხედავად, ასოციაციის პროგნოზით, 2022 წელი ინდუსტრიისთვის “ნორმალური” იქნება ორი ძირითადი მიზეზის გამო: პირველი - სექტორი აღდგენისთვის იბრძვის და მეორე - დასაქმებულების კონკურენცია კვლავ ინტენსიურია. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

“რესტორატორები ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. განვითარებული ტექნოლოგიების, მომხმარებლის ქცევის და კვების პრეფერენციების შეცვლის ფონზე, ასევე ბოლო ორი წლის გამოწვევების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინდუსტრია ოდესმე სრულად დაუბრუნდეს პანდემიამდელ მდგომარეობას,” - განაცხადა ჰადსონ რიელიმ, აშშ-ის რესტორნების ასოციაციის კვლევისა და ცოდნის ჯგუფის ვიცეპრეზიდენტმა.

თუმცა, აშშ-ის რესტორნების ეროვნული ასოციაციის მსგავსი პროგნოზის მიუხედავად, წელს სარესტორნე ბიზნესი სამომხმარებლო მოთხოვნის ზრდის ხარჯზე მცირედ აღმავლობას მაინც ვარაუდობს. უფრო ზუსტად - აშშ-ის რესტორნების ეროვნული ასოციაციის წინასწარი პროგნოზით, წელს გაყიდვები - 898 მილიარდ დოლარამდე მოიმატებს, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2019 წელს 864 მილიარდი იყო. თუმცა, ინდუსტრიაში ცალსახად ვარაუდობენ, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს ვითარება გაცილებით სტაბილური იქნება.

ასოციაციის ანგარიშის თანახმად, მთავარი გამოწვევა, რაც სექტორს პანდემიისგან დარჩა, თანამშრომლების დაქირავება და მათი შენარჩუნებაა. რესტორნის 10 ოპერატორიდან 7 ამბობს, რომ მათ საკმარისი რაოდენობის თანამშრომლები არ ჰყავთ და ეს პრობლემა წელსაც ძალაში დარჩება. რესტორნების ეროვნული ასოციაციის ანგარიშით, ინდუსტრიის მთლიანი შრომის ბაზარი 14,9 მილიონ სამუშაო ადგილს შეადგენს. ეს რიცხვი 2021 წელთან შედარებით 400,000-ით მეტია.

რაც შეეხება რესტორნებს, რომლებმაც აშშ-ში პანდემიის გამო ოპერირება საერთოდ შეწყვიტა, შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ 2021 წლის დეკემბრის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, სრული მაჩვენებლის 10.2%-ია. ამასთან, რესტორნის ზოგიერთი ოპერატორი პერსონალის დეფიციტის შესამსუბუქებლად ახალ ტექნოლოგიებს - მათ შორის, რობოტ მზარეულებს მიმართავს.

დაბოლოს, რესტორნების ეროვნული ასოციაციის ანგარიშის თანახმად, რესტორატორთა 90% ამბობს, რომ მზარდი ხარჯები 2022 წელსაც გარდაუვალი იქნება, ხოლო ოპერატორების 96%-ს არ სჯერა, რომ მიწოდების ჯაჭვის პრობლემები ამ წელს მოგვარდება.