მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის საელჩო პარლამენტის მიერ შრომის კოდექსში ცვლილებების დამტკიცებას ეხმაურება

5f7361d5d64cd
თამთა ჯიჯავაძე
29.09.20 20:29
1313
აშშ-ის საელჩო პარლამენტის მიერ შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის კანონპროექტის მიღების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ამერიკის საელჩო საქართველოში მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მშრომელთა უფლებების დასაცავად შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის კანონპროექტის მიღებას. დამსაქმებლების მიერ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს ინკლუზიური ზრდის, ეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებისა და უკეთესი საინვესტიციო კლიმატის შექმნისთვის. პირველად ქართველ დასაქმებულებს გარანტირებული ექნებათ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, სამსახურიდან გათავისუფლების სარგებელი და დეკრეტული შვებულება მამაკაცებისთვის. შრომის ინსპექციას ენიჭება უფლება, გამოუცხადებლად ჩაატაროს ინსპექცია ყველა სექტორში. ეს კანონი საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებისა და სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცების გზაზე წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამერიკის საელჩო ყურადღებით დააკვირდება ამ ცვლილებების განხორციელებას, შრომის ინსპექტირების გაფართოებული მანდატის ჩათვლით, რაც მშრომელთა სამართლიანი მოპყრობის უზრუნველყოფისთვის გადამწყვეტი იქნება", – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, პარლამენტმა "შრომის კოდექსში" ცვლილებები დღეს დაამტკიცა. მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა და არცერთი იყო წინააღმდეგი.

ბიზნესი განსაკუთრებით 2 საკითხზე გამოთქვამდა პროტესტს: პირველი ზეგანაკვეთური შრომის 125%-ით ანაზღაურებას შეეხებოდა, რაც საქართველოს ბიზნეს-სოციაციის და სხვა დარგობრივი ასოციაციების მოთხოვნით, საბოლოოდ, დაკორექტირდა. შესაბამისად, ზეგანაკვეთური შრომა მოქმედ კოდექსში არსებული მუხლის შესაბამისად გამოითვლება ანუ ნორმირებული სამუშაოს გაზრდილი ოდენობით ანაზღაურდება.

რაც შეეხება მეორე საკითხს, კერძო სექტროს შენიშვნები ჰქონდა შრომის ინსპექციის გაზრდილ მანდატთან დაკავშირებითაც, თუმცა მეორე მოსმენისას კანონპროექტში არსებული ჩანაწერი არ შეცვლილა. "შრომის კოდექსში" ცვლილებების პროექტის მიხედვით, შრომის ინსპექციას ნებისმიერ კომპანიაში ნებისმიერ დროს შეეძლება შესვლა და ამისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება არ დასჭირდება.

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდება, bm.ge ყველა მნიშვნელოვან სიახლეს შემოგთავაზებთ.