მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის საელჩო: სასამართლო ხელისუფლების ნაჩქარევი გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ვართ

5f9c1d58383b9
ინგა მურუსიძე
30.10.20 18:00
2402
"აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია სასამართლო ხელისუფლების ნაჩქარევი გადაწყვეტილებით, გაემართა მოსამართლეების კონფერენცია დღეს, მნიშვნელოვანი ეროვნული არჩევნების ჩრდილქვეშ", - ამის შესახებ საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც საელჩოში განმარტავენ, გრძელვადიანი შედეგების მქონე გადაწყვეტილებების მიღება, ისეთი როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური პოზიციების შევსება, უნდა ხდებოდეს გააზრებულად, გამჭვირვალედ და საკმარისი დროის დათმობით, კონსულტაციებისა და კვალიფიციური კანდიდატების ფართო სპექტრის ჩართულობისთვის.

„ამ პროცესის დაჩქარება შეიცავს რისკს შეირყეს საზოგადოების ნდობა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის, კანდიდატებისა და მოსამართლეების კონფერენციის მიმართ.

დამოუკიდებელი და პროფესიონალური სასამართლო სისტემა, რომელსაც ხალხი ენდობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამართლიანი და თანაბარი [ეკონომიკური] ზრდის ხელშესაწყობად, აგრეთვე, ქართული და უცხოური ბიზნესის მიერ ინვესტიციების მოსაზიდად.

აუცილებელია, რომ სასამართლო ხელისუფლებამ ყველა ძირითად თანამდებობაზე შეარჩიოს გამოცდილი, პროფესიონალი და დამოუკიდებელი კანდიდატები, ასევე, მომავალში შერჩევის პროცესის უფრო მეტი გააზრებითა და შორსმჭვრეტელობით წარმართვა უზრუნველყოს“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის: დღეს მოსამართლეთა XXVIII რიგგარეშე კონფერენცია ტარდება, რის ფარგლებშიც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 მოსამართლე წევრი, მათ შორის, საბჭოს მდივანიც უნდა აირჩიონ. აღნიშნულის საჭიროება მას შემდეგ დადგა, როცა 2020 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩია. კანონმდებლობის შესაბამისად, გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის და წევრის თანამდებობა დატოვა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში თანამდებობა ასევე დატოვა რევაზ ნადარაიამ.