მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა კრიპტობირჟა KRAKEN-ი $30 მილიონით დააჯარიმა | ქვეყანაში სტეიკინგი შეიზღუდება

63e61fd40c5e7
გიორგი თოლორდავა
10.02.23 14:45
674
ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) მსხვილი კრიპტობირჟის, Kraken-ის 30 მილიონი დოლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.

კომისიის განმარტებით, 2019 წლიდან მოყოლებული, Kraken-ი ნებართვის გარეშე, არალეგალურად ეწეოდა სტეიკინგ საქმიანობას და ამით კლიენტებს ფინანსური საფრთხის წინაშე აყენებდა.

სტეიკინგი კრიპტოვალუტების მაინინგის ერთგვარი ალტერნატივაა, რომელიც ბლოკჩეინის დაცვისა და ოპერირებისთვის არა სპეციალური მაინინგ მოწყობილობების გამოყენებას, არამედ კრიპტოაქტივების დელეგირებას საჭიროებს.

თანამედროვე კრიპტოაქტივები, მათ შორის: ეთერიუმი, კარდანო და სოლანა სწორედ Proof-of-Stake კონსენსუსის მექანიზმით ოპერირებენ.

საკუთარი კრიპტოაქტივების დელეგირების სანაცვლოდ Kraken-ის მომხმარებლები წლიურ 20%-იან ამონაგებს იღებდნენ, რაც კრიპტოინდუსტრიის სტანდარტებითაც კი უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია. მარეგულირებლის განმარტებით, აღნიშნულ აქტივებს კომპანია არა სტეიკინგისთვის, არამედ ტრეიდინგისა და საკრედიტო საქმიანობისთვის იყენებდა, რაც მომხმარებლებისთვის რისკს მნიშვნელოვნად ზრდიდა.

ექსპერტების შეფასებით, აშშ-ის მარეგულირებლის ეს გადაწყვეტილება იმის მაუწყებელია, რომ უახლოეს მომავალში მთავრობა სტეიკინგ პლატფორმების შეზღუდვას და მათთვის შედარებით მკაცრი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას გეგმავს.