მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა საქართველოს წარსულში შეძენილ ჯაველინების სისტემების სერვისზე ფასდაკლება გაუკეთა

606c22d89b6ad
შოთა ტყეშელაშვილი
06.04.21 13:17
2147
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობას ჯაველინების ანტისატანკო სარაკეტო სისტემების სერვისზე ფასდაკლება გაუკეთა. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არის ნათქვამი.

ჯაველინების სარაკეტო სისტემის შესყიდვისა და აღჭურვის პროგრამა საქართველოს სულ $65.5 მილიონი დოლარი უჯდება. ამ სისტემების შესყიდვა 2017 წლის დეკემბერში დამტკიცებული $37.6-მილიონიანი და 2018 წლის დეკემბერში დამტკიცებული $27.9-მილიონიანი ხელშეკრულებების მეშვეობით ხორციელდება.

დღეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია (შესყიდვა SMP210001046) იმის თაობაზე, რომ აშშ-მა საქართველოს ამ პროგრამის ღირებულების გადახდის უკეთესი პირობები შესთავაზა. რა არის ამ ფასდაკლების კონკრეტული მოცულობა წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნული არაა.

“ხელშეკრულების ჯამური ღირებულებაა 65 524 675 აშშ დოლარი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში, ამერიკული მხარის მიერ შემოთავაზებულია საქონლის და მომსახურების ღირებულების ფასის დაკლება. აღნიშნული ფასდაკლებიდან დარჩენილი თანხის გათვალისწინებით კი შემოთავაზებულ იქნა ტექნიკური მომსახურების გაზრდილი ვადა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება დარჩა უცვლელი", - ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ჯაველინების შესყიდვა-მომსახურების პროგრამის ვადები 2017-2026 წლებზე არის გაწერილი.

სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ამ ინფორმაციის განთავსებიდან მალევე, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადი უკან გაიხმო, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, მონაცემების დაზუსტებაა.