მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აშშ მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას" - დეგნანი ბათუმის მულტიმოდალურ ტერმინალს ეწვია

62a785f4ac4d5
თამთა ჯიჯავაძე
13.06.22 23:00
807
ბათუმის მულტიმოდალურ ტერმინალს, რომელიც ამერიკული ინვესტიციით გაიხსნა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასუქების ტრანსპორტირების ლოგისტიკაში, აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ეწვია.

ტერმინალში ვიზიტისას ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, თუ როგორ უკვალავს მსგავსი ინვესტიციები გზას სხვა ამერიკულ ბიზნესებს, რათა ისინიც დაინტერესდნენ ქართული ბაზრით და გამოიყენონ მისი სატრანსპორტო, ლოგისტიკური და კომერციული ჰაბის პოტენციალი.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, საქართველოს ბაზარზე ამერიკული კომპანიების შემოსვლისთვის მუშაობით შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი ამ მხარდაჭერის მაგალითია და აჭარაში ყველაზე მსხვილ ამერიკულ ინვესტიციას წარმოადგენს.

თავად ტერმინალის გენერალურმა დირექტორმა, მამუკა მურჯიკნელმა ამერიკელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა.

„დიდი პატივია აშშ-ის ელჩის - ქალბატონი კელი დეგნანის მასპინძლობა პირდაპირი ამერიკული ინვესტიციით აშენებული ბათუმის სასუქების ტერმინალის დასათვალიერებლად. დიდი მადლობა მას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის ამ პროექტის თითოეულ ეტაპზე გამოხატავს“, - განაცხადა მამუკა მურჯიკნელმა Bm.ge-სთან.

ცნობისთვის, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი, მინერალური სასუქების, კერძოდ, მინერალური სასუქის, კარბამიდის (შარდოვანას) მიღებას, შენახვასა და გაგზავნას უზრუნველყოფს. ის ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან წამოსულ ტვირთს საქართველოს გავლით დასავლურ ბაზართან აკავშირებს. რეგიონული მასშტაბის პროექტი ამერიკული კორპორაცია Trammo-სა და Wondernet Express Investment-ის პარტნიორობით აშენდა. ინვესტიციამ $25 მლნ შეადგინა. ტერმინალი გასული წლის ზაფხულში გაიხსნა.

ახალი ტერმინალის საქმიანობის პირველი წლის შედეგები ტერმინალის გენდირექტორმა, მამუკა მურჯიკნელმა აპრილის ბოლოს Forbes Talks-ის ეთერში შეაჯამა. მაშინ მან აღნიშნა, რომ მინერალური სასუქების ტერმინალმა პირველი გემი 2021 წლის ივლისში დატვირთა, მას შემდეგ კი მისმა წარმადობამ 400,000 ტონაზე მეტი შეადგინა, რაც მამუკა მურჯიკნელის განმარტებით, კომპანიის პირველი წლის გეგმაზე მეტია.

მურჯიკნელი ასევე აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ინტერესი საქართველოს დერეფნის გავლით ახალი ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით. თავად მულტიმოდალურ ტერმინალს წლიურად 2 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეუძლია.