მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აშშ-საქართველოს შორის ასეთი მჭიდრო ურთიერთობები თანამშრომლობაში ახალი შესაძლებლობების დასაწყისია“

62be8dd47ab83
ვიქტორია მღებრიშვილი
01.07.22 10:46
520
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ-ის დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკის ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ღონისძიება 30 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით გაიმართა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს საზოგადოება ამერიკელ ხალხთან ერთად ზეიმობს იმ ძირითად ღირებულებებს, რომლებსაც სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად იზიარებს.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს სუვერენიტეტისა და ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, ქართველი ხალხისთვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ის ღირებულებები, რისთვისაც ქვეყანა საუკუნეების მანძილზე იბრძოდა.

„წელს ასევე აღვნიშნავთ აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს. მსურს ხაზგასმით განვაცხადო, რომ შეერთებული შტატების როლი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში, ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე გადამწყვეტი იყო. შეერთებული შტატები დაგვეხმარა ჯანდაცვისა და განათლების სისტემის გაძლიერებაში, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მრავალი სხვა სფეროს განვითარებაში - ქვეყნის, რომელიც მტკიცედ მიჰყვება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, - განაცხადა მინისტრმა.

ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი ომის ფონზე, კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რომ პრინციპები და ღირებულებები, რომლებსაც დემოკრატიული სამყარო იზიარებს, კვლავაც დასაცავია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ვიცე-პრემიერმა ისაუბრა, საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობაა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, შეერთებული შტატები სავაჭრო ბრუნვის, ექსპორტისა და იმპორტის კუთხით პარტნიორი ქვეყნების ტოპ-ათეულშია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით კი აღსანიშნავია, რომ 1997 წლიდან აშშ-დან კაპიტალის შემოდინება აღემატება 1.8 მლრდ აშშ დოლარს და ეს ინვესტიციები სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორს მოიცავს.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ამ მონაცემების გასაუმჯობესებლად უზარმაზარი, ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალი არსებობს და ქართული მხარე დაინტერესებულია ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებით. ლევან დავითაშვილმა ამერიკულ კომპანიებსა და ბიზნესებს საქართველოს მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების გამოყენებისკენ მოუწოდა.

„მნიშვნელოვანია ის, რომ მუდმივად ვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს და თვისობრივად ახალ დონეზე აგვყავს. ვფიქრობ, საქართველოსა და აშშ-ს შორის ასეთი მჭიდრო ურთიერთობები აქამდე არასდროს ყოფილა და ეს არის თანამშრომლობაში ახალი შესაძლებლობების დასაწყისი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.