19.მაისი .2020 15:17

აშშ სასაზღვრო შეზღუდვებს გაახანგრძლივებს - CNN

views 334
უკან

ტრამპის ადმინისტრაცია, აშშ-ში კორონავირუსის გამო შემოღებულ სასაზღვრო შეზღუდვებს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"აშშ აფასებს კანადისა და მექსიკის თანამშრომლობას ჩრდილოეთ ამერიკაში პანდემიასთან ბრძოლაში. ფორმალური გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა აშშ მოგზაურობაზე არსებულ შეზღუდვებს გაახანგრძლივებს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, ამავდროულად ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აქტივობას და საქონლის მიწოდებას", - განაცხადა უშიშროების დეპარტამენტის სპიკერმა.

უშიშროების მოქმედმა მდივანმა ჩედ ვულფმა თქვა, რომ არსებულ შეზღუდვებს ვადა 21 მაისს გასდის, თუმცა ისინი გახანგრძლივდება, პარალელურად კი შტატების გუბერნატორები შიდა გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნას ეტაპობრივად დაიწყებენ.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ აშშ-კანადის საზღვარი ივნისშიც დაკეტილი იქნება.

აშშ-მა სასაზღვრო შეზღუდვები კორონავირუსის გამო მარტში დააწესა. შეზღუდვები შეეხო იმიგრაციასაც.