მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ავტოკონცერნების გაყიდვები II კვარტალში 30%-ზე მეტით შემცირდა

5efdcabfaa519
ნათია თაქთაქიშვილი
02.07.20 23:20
872
აშშ-ში ავტოკონცერნების გაყიდვები მეორე კვარტალში 30%-ზე მეტით შემცირდა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია „დიდი რეცესიის“ შემდეგ. ამის შესახებ ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ავტომობილების გაყიდვების შემცირებაზე გავლენა როგორც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა უმუშევრობამ მოახდინა, ასევე მომხმარებელს ურთულდებოდა სასურველი მოდელის მანქანის შეძენა, რადგან საგანგებო მდგომარეობის გამო ქარხნები ავტომობილების წარმოებას ვერ ახერხებდნენ.

General Motors-მა, აშშ-ის უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ კომპანიის გაყიდვები 34%-ით შემცირდა. გასულ კვირას GM-მა განაცხადა, რომ ამ ზაფხულს 700 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. GM-ი აღნიშნავს, რომ გაყიდვები ყველაზე მეტად აპრილის თვეში იყო შემცირებული, ხოლო მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა მაისში და ივნისში.

Fiat Chrysler-მა (FCAU) განაცხადა, მისი შემოსავლები 39%-ით დაეცა, რაც ავტომობილების გამქირავებელი კომპანიების დაინტერესების შემცირებით აიხსნება. როგორც წესი, ავტომობილების გაყიდვების დაახლოებით 10% სწორედ ავტომობილების გამქირავებელ კომპანიებზე მოდის.

გაყიდვების შემცირებაზე აცხადებს ავტოკონცერნი Toyota-ც. კომპანიის განცხადებით, მანქანების გაყიდვები 35%-ით შემცირდა მეორე კვარტალში.

ანალიტიკური კომპანია LMC-ის კვლევის მიხედვით კი, ავტომობილების გაყიდვები დაახლოებით 22%-ით დაიკლებს მთელი წლის განმავლობაში.