მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ vs კრიპტო – რატომ ებრძვის ამერიკა კრიპტოინდუსტრიას?

6481ba87337e9
გიორგი თოლორდავა
08.06.23 23:00
1037
გლობალური საფინანსო ბაზრების დღის წესრიგს ამერიკის შეერთებული შტატები განსაზღვრავს. მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს ნამდვილად აქვს იმის ფუფუნება და ძალაუფლება, რომ მიზანში ამოღებული ინდუსტრია თუ ტექნოლოგია უბრალოდ გააქროს.

ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის ცნობები იმის შესახებ, რომ ამერიკა კრიპტოინდუსტრიის წინააღმდეგ ომს იწყებს და ციფრული აქტივების დღეები დათვლილია - რამდენად შეესაბამება ეს დებულება სიმართლეს და რეალურად რას ცდილობს ამერიკის მთავრობა? ამჯერად სწორედ ამ შეკითხვებზე შევეცდებით პასუხების გაცემას.

პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ ამერიკას ერთიანი კრიპტორეგულაცია ჯერაც არ აქვს მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო წესები ქვეყანაში ჯერაც არ არსებობს, ანუ ინდუსტრიის მოთამაშეებსა და მარეგულირებლებს წესებზე შეთანხმება უჭირთ, რასაც ხშირად სასამართლო დავებამდე მივყავართ ხოლმე.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ფინანსური მარეგულირებელი კრიპტობირჟას 13 მუხლის დარღვევაში ედავება, მათ შორისაა: ფულის გათეთრება, ბუღალტრული ანგარიშების წესების დარღვევა, არალეგალური ტრანზაქციების განხორციელება, მომხმარებლების თანხების არასათანადოდ განკარგვა, ფინანსური კანონმდებლობის დარღვევა და არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რეალიზება.

გარდა სასამართლოს წინაშე პასუხისგებისა, კომისიამ მოითხოვა, რომ Binance-ს აქტივები და დეპოზიტები გაეყინოს, რათა კომპანიის ხელმძღვანელებმა აქტივების ოფშორულ ანგარიშებზე გადატანა ვერ შეძლონ. კონკრეტულად ეს შეზღუდვა ეხება უშუალოდ Binance US-ის კორპორაციულ პორტფელს და არც მომხმარებლების აქტივებს. აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შეზღუდვები არ ვრცელდება საერთაშორისო პლატფორმა Binance.com-ზე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს, მათ შორის საქართველოშიც.

რაც შეეხება მარეგულირებლის პრეტენზიას, როგორც სასამართლოში წარდგენილი სარჩელიდან ირკვევა, ამერიკულ კანონმდებლობაზე მოსარგებად კაიმანის კუნძულებზე დაფუძნებულმა Binance-მა ამერიკაში დამოუკიდებელი შვილობილი კომპანია Binance US შექმნა, რომელიც სწორედ ამერიკული კანონმდებლობით უნდა დარეგულირებულიყო და სრულ შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო ვაშინგტონის მიერ დაწესებულ სანქციებთან.

როგორც ბრალდების მხარე ამტკიცებს, დამოუკიდებელი კომპანიის დაფუძნების მიუხედავად, Binance US-ის მართვას ისევ ჩანგპენგ ჟაო განაგრძობდა, რომელიც არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ იყო მოხსენიებული. გარდა ამისა, კრიპტობირჟის კლიენტებს საკმაოდ მარტივად შეეძლოთ თავიანთი აქტივების Binance.com-ზე გადატანა, საიდანაც ტრანზაქციების განხორციელება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იყო ნებადართული, რაც ამერიკის კანონმდებლობით მიუღებელია.

ამ შემთხვევაში პრობლემას ის ქმნის, რომ Binance.com-დან არალეგალური ტრანზაქციების განხორციელებაც საკმაოდ მარტივი იყო, ანუ ის ფულის გათეთრებისა და სანქციების დარღვევისთვის რისკებს შეიცავდა.

მიუხედავად ყველაფრისა, Binance-ის რეგულაციებთან შესაბამისობაში ყოფნა არ ყოფნის საკითხი მაინც არ არის ის მიზეზი, რის გამოც ამერიკის მთავრობამ კრიპტოინდუსტრიას შეიძლება ომი გამოუცხადოს. განსაკუთრებით კი იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პლანეტის უმსხვილეს ბანკებს ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის ჯარიმები ეკისრებათ სწორედ ფინანსური რეგულაციების დარღვევისა და არალეგალური ტრანზაქციების განხორციელების გამო.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არა კრიპტობირჟებსა და კომპანიებს, არამედ უშუალოდ კრიპტოაქტივების ბუნებას უკავშირდება, ამერიკელი კანონმდებლები ჯერაც ვერ შეჯერებულან იმაზე, თუ რა სტატუსი უნდა მიანიჭონ კრიპტოვალუტებს.

საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის, გარი გენსლერის შეფასებით, ბიტკოინი ოქროს ციფრული ალტერნატივაა, ამიტომაც მას საბირჟო საქონლის სტატუსი უნდა მიენიჭოს, თუმცა, მაგალითად, XRP კომპანია Ripple-ის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდია, ამიტომაც ის განსხვავებულად უნდა დარეგულირდეს და მისი სტატუსიც შესაბამისად უნდა განისაზღვროს. ზოგადად კი გეტყვით, რომ ფასიან ქაღალდებთან მიმართებით ამერიკული კანონმდებლობა გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე საბირჟო საქონელთან მიმართებით.

ახლა კი ისევ სასამართლო დავებს რომ დავუბრუნდეთ, მარეგულირებელმა კომისიამ მიმდინარე კვირას კრიპტოინდუსტრიაზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა, ამ შემთხვევაში სამიზნე ამერიკული კრიპტობირჟა Coinbase-ი იყო.

კომისიის განმარტებით, კრიპტობირჟა წლების განმავლობაში ნებართვის გარეშე ეწეოდა საბროკერო მომსახურებას და მომხმარებლებს ულიცენზიო სერვისებს სთავაზობდა, რაც ამერიკული კანონმდებლობით აკრძალულია. როგორც მარეგულირებელი იუწყება, 2019 წლიდან დღემდე Coinbase-მა მილიარდობით დოლარის არალეგალური ტრანზაქცია გაატარა, რის გამოც კომპანიას ფულადი ჯარიმა უნდა დაეკისროს. გარდა ამისა, ბრალდების მხარე Coinbase-ს არალიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეალიზებაშიც ადანაშაულებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ Binance-ისგან განსხვავებით, Coinbase-ი უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიაა, რომელიც სრულადაა რეგულირებული ამერიკული კანონმდებლობით. წლების განმავლობაში Coinbase-ი კრიპტოინდუსტრიაში ყველაზე „პატიოსან“ მოთამაშედ ითვლებოდა, თუმცა, როგორც ჩანს ამერიკის მთავრობისთვის ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი.

ზემოხსენებული სიახლეების გავრცელების ფონზე, კრიპტოაქტივების ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია დაახლოებით 300 მილიარდი დოლარით შემცირდა, ანუ ეს ცნობები ინვესტორებმა და ტრეიდერებმა საკმაოდ ნეგატიურად მიიღეს.

მიმდინარე კვირას განვითარებული მოვლენები იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკის მთავრობა კრიპტოინდუსტრიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს, ანუ კრიპტობირჟებსა და კომპანიებს გაცილებით უფრო რთულ გარემოში მოუწევთ ოპერირება.

ამ ყველაფრით ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის ის შეიცვლება, რომ მათთვის კრიპტობირჟებზე რეგისტრაციის და აქტივებით ვაჭრობის პროცესი შედარებით გართულდება; კომპანიებს კი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ყოფნაზე გაცილებით მეტი რესურსის დახარჯვა მოუწევთ.

ზოგადად, გონივრულ საზღვრებში კრიპტოინდუსტრიის რეგულირება აუცილებელია, რათა თაღლითური სქემების რაოდენობა შემცირდეს და ფულის გათეთრების რისკებიც აღმოიფხვრას. კრიპტოინდუსტრია კი ჭეშმარიტ აღმასვლას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც ის სრულად მოექცევა ლეგალურ ჩარჩოებში და გლობალური ინვესტორებისათვის კრიპტოაქტივების შეძენა მარტივი და უსაფრთხო პროცესი გახდება.

საბოლოო ჯამში კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკის მთავრობას ბიტკოინის, ეთერიუმისა თუ სხვა კრიპტოვალუტის წინააღმდეგ ომი არ დაუწყია. ეს ყველაფერი, რაც მიმდინარე კვირას მოხდა, ბუნებრივი პროცესია, ზომიერი რეგულაციებს შემოღება და უმსხვილესი მოთამაშეების ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევა კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ინდუსტრიაზე ნამდვილად დადებითად იმოქმედებს.