მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკიმ NATO-ს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

623c5ea554d3b
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.22 16:04
958
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ მან NATO-ს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთის შემოჭრის პირველივე საათები ჩვენთვის სასტიკი სარაკეტო დარტყმებით დაიწყო. ომის 1 თვის თავზე რუსეთმა ჩვენი ქალაქების საწინააღმდეგოდ 1 000-ზე მეტი განსხვავებული ტიპის რაკეტა გამოიყენა და ასობით ავიათავდასხმა განახორციელა. ჯერ კიდევ 24 თებერვალს მე თქვენ სავსებით გასაგები, ლოგიკური თხოვნით მოგმართეთ - დაგვხმარებოდით, დაგვეკეტა ცა. რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან ჩვენი მოქალაქეები დაგეცვათ. ჩვენ ამაზე ნათელი პასუხი არ მოგვისმენია. უკრაინას მძლავრი ანტისარაკეტო იარაღი არ აქვს. ჩვენ იმაზე მცირე ავიაცია გვაქვს, ვიდრე რუსეთს აქვს, ამიტომ მათ უპირატესობა აქვთ ცაში - ეს ისეთივეა, როგორც მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება. თქვენ ამის შედეგებს ხედავთ - რამდენი ადამიანია მოკლული და რამდენი მშვიდობიანი ქალაქია განადგურებული“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული არმია წინააღმდეგობას 1 თვეა არათანაბარ პირობებში ახერხებს.

„და ერთი თვეა ერთ რამეს გიმეორებთ. ჩვენი ხალხის და ქალაქების გადასარჩენად უკრაინას სამხედრო დახმარება სჭირდება - უსაზღვროდ. ისევე, როგორც რუსეთი იყენებს ჩვენს წინააღმდეგ მთელ სამხედრო არსენალს, ანადგურებს ყველაფერ ცოცხალს, ნებისმიერ ობიექტს - საცხოვრებელი სახლებიდან ტაძრებამდე, სურსათის საწყობებიდან უნივერსიტეტებამდე, ხიდებიდან საავადმყოფოებამდე.

უკრაინამ თქვენ თვითმფრინავებისთვის მოგმართათ, იმისთვის, რომ ჩვენ ამდენი ბავშვის სიცოცხლე არ დაგვეკარგა. თქვენ ათასობით სამხედრო თვითმფრინავი გყავთ, მაგრამ არც ერთი არ მოგვეცით. ტანკებისთვის მოგმართეთ, რომ ჩვენი ქალაქების დებლოკირება მოგვეხდინა - მარიუპოლი, ბერდიანსკი, მელიტოპოლი. ქალაქები, სადაც რუსებს ასობით ათასი ადამიანი მძევლად ჰყავთ აყვანილი და ხელოვნურად აშიმშილებენ. 20 000-მდე ტანკი გყავთ, უკრაინა ამის 1 % ან მოყიდვას ან მოცემას ითხოვდა, მაგრამ ცხადი პასუხი არ მიგვიღია“, - თქვა ზელენსკიმ.

მისი სიტყვებით, ომის დროს დახმარების შესახებ ყველაზე ცუდი ცხადი პასუხების არ ქონაა.

„უკრაინას ეს ომი არასდროს უნდოდა და არ უნდა წლობით იომოს. ჩვენ უბრალოდ ჩვენი ხალხის გადარჩენა გვინდა, ისევე როგორც ნებისმიერ ერს ამის უფლება გვაქვს. სიცოცხლის უფლებაზე 1 % გვაქვს. NATO-ს ამაში არ ვადანაშაულებ, თქვენ არ ხართ დამნაშავე. თქვენი რაკეტები არ ანადგურებენ ჩვენს ქალაქებს. დღეს ფოსფორის ბომბები იყო. მოკლულები ქალები და ბავშვები არიან. უბრალოდ მინდა რომ იცოდეთ: რუსეთის დარტყმებისგან უკრაინელების სიკვდილის აღკვეთა, ჩვენთვის საჭირო იარაღის გადმოცემით, ალიანსს ჯერ კიდევ შეუძლია.