მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასოციაცია: “ბორჯომის” დირექტორად დანიშვნამდე, ყოფილმა მინისტრმა მიიღო ბრძანება, რომელიც მცირე კომპანიებს წყლის ექსპორტს ურთულებს

60e8393e77db7
შოთა ტყეშელაშვილი
09.07.21 16:40
3844
ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ივნისში “IDS ბორჯომი საქართველოს” გენერალური დირექტორი გახდა. მან ფინანსთა მინისტრის პოსტი 2021 წლის 31 მარტს დატოვა, პოსტიდან წასვლამდე, რამდენიმე დღით ადრე, 24 მარტს მაჭავარიანმა გამოსცა ბრძანება, რომელიც მინერალური წყლის მცირე ექსპორტიორებს საქონლის უცხოეთში გატანას ურთულებს.

საქართველოდან უცხოეთში მინერალური წყლების ძირითადი ექსპორტიორები არიან ამ წყლების უშუალო მწარმოებლები და მათთან დაკავშირებული კომპანიები. როგორც ირკვევა, უცხოეთში ამ კომპანიების მიერ წარმოებულ პროდუქციას სხვა დამოუკიდებელი ფირმებიც ყიდდნენ, თუმცა მათ ეს საქმიანობა მნიშვნელოვნად შეეზღუდათ, რადგანაც 2021 წლის 24 მარტს ფინანსთა მინისტრმა გამოსცა ბრძანება, საგარეო ვაჭრობის კონკრეტული კოდებისთვის - 2201 10 190 01 და 2201 10 190 02-ს: იმ შემთხვევაში თუ ექსპორტისას მათი ღირებულება 100 ლარს აღემატება, პროდუქციას თან უნდა გააჩნდეს სპეციალური ცნობა, კერძოდ - მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი.

იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მინერალური წყლების ექსპორტს დამოუკიდებლად ახდენდნენ, ამ დოკუმენტების მოპოვება შეუძლებელია. შესაბამისად, მესამე პირებს, რომლებიც "ბორჯომისა" და "ნაბეღლავის" მიერ წარმოებული წყლების დამოუკიდებელ ექსპორტს ახდნდნენ, საქმიანობა შეეზღუდათ.

გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში “ექსპორტიორ-იმპორტიორთა და ბიზნესოპერატორთა ასოციაციის” ადვოკატმა ქართლოს ჯობავამ განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრომ მსგავსი ბრძანება პირველად ნოდარ ხადურის მინისტრობის პერიოდში მიიღო, რა დროსაც საექსპორტო პარტიისთვის შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნად 1000 ლარის მოცულობა განსაზღვრა, რამაც ექსპორტით დაკავებულ კომპანიებს საქმიანობა მნიშვნელოვნად გაურთულა. თუმცა, ივანე მაჭავარიანის მიერ მიღებული ბრძანება ამ კომპანიებისთვის კიდევ უფრო მძიმე ტვირთს წარმოადგენს.

“ბრძანება დათარიღებულია 2021 წლის 24 მარტით და მისი ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში მინისტრი ტოვებს პოსტს. ორი თვის განმავლობაში ის არსად არ მუშაობდა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მან ამ ბრძანებით გაიკეთა “ოქროს პარაშუტი” და გადავიდა IDS Borjomi-ს გენერალური დირექტორის პოსტზე,”- აცხადებს ქართლოს ჯობავა.

მისი თქმით, ასოციაციამ უკვე მიმართა თავად ფინანსთა სამინისტროს, ასევე საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და ბიზნესომბუდსმენის აპარატს. როგორც ქართლოს ჯობავა ამბობს, ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრა მომდევნო კვირაში არის დანიშნული.