მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასოციაცია "ჩაის გზის" პრეზენტაცია ®

617a60bf7e6f5
BM.GE
28.10.21 12:45
1047
2021 წლის 26 ოქტომბერს, სოფელ მელექედურში, ასოციაცია "ჩაის გზის” პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც ასოციაციის მოქმედი და პოტენციური წევრები, ასევე, ტურისტული პროექტის დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კერძოდ კი, საქართველოში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკკორდი და კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორი მიხეილ ნიბლაძე, "ბახვი 1 ჰესის" პროექტის გარემოს დაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერ დავით მიქელაძესთან ერთად. მასპინძლებმა მოწვეულ სტუმრებს “ასოციაცია ჩაის გზის” მიზნები, ამოცანები, სამომავლო გეგმები და საჭიროებები გააცნეს.

“ასოციაცია "ჩაის გზა" 2021 წლის 20 ივლისს დავაფუძნეთ. ჩვენი მიზანია, ჩაის კულტურის როგორც ტურისტული, ასევე სამრეწველო მიმართულებით პოპულარიზაცია, ტურისტული მარშრუტის “ჩაის გზის” შექმნა, სავაჭრო ურთიერთობების მოძიება და განვითარება, რაც თავის მხრივ შეუწყობს ხელს რეგიონში დასაქმების ადგილების შექმნას, სოფლის მეურნეობისა და გურიის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. გურია ჩაის სამშობლოა და გვინდა, რომ სწორედ გამოვიყენოთ არსებული პოტენციალი, არ დავკარგოთ ტრადიცია და ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით განვავითაროთ და უფრო მაღალ საფეხურზე გადავიყვანოთ ჩაის მოყვანა და მისი წარმოება ქვეყანაში”, - განაცხადა “ასოციაცია ჩაის გზის” დამფუძნებელმა ალეკო მამეშვილმა.

დონორი ორგანიზაციების მხრიდან მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს, “გურიის ჩაის გზის” ასოციაციის მხარდაჭერას და ტურიზმის ინდუსტრიასთან საბაზრო კავშირების შექმნას, რათა რეგიონში ჩაის პოზიციონირება ისევე მოხდეს, როგორც კახეთში ღვინის. ეს კი მოიცავს, ტურისტული პროდუქტების განვითარებას, ჩაის მწარმოებლების შესაძლებლობების გაზრდას, “ჩაის გზის” მარშრუტის შექმნას, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს მამულებს, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი მდებარეობა, აწარმოებენ ავთენტურ პროდუქციას, და რაც მთავარია აქვთ ტურისტების გამასპინძლების შესაძლებლობა. ამ პროექტის განვითარების შემდეგ, “ჩაის გზის” ტურის ფარგლებში ჩამოსული ვიზიტორები შეძლებენ დააგემოვნონ ჩაი, მიიღონ მონაწილოება მის მომზადებაში, მიირთვან ადგილობრივი კერძები და რაც მთავარია ახლოს გაეცნონ გურული სოფლების ეთნოგრაფიულ მახასიათებლებს.

“კომპანია CCEH-ი გურიაში ენერგეტიკულ პროექტებს ავითარებს, თუმცა ამავდროულად, დაინტერესებულები ვართ რეგიონის განვითარებით და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებით, სამუშაო ადგილების შექმნით და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ადამიანებისთვის სასარგებლოდ გამოყენებით. სწორედ ამიტომ, გარდა იმისა, რომ ვახორციელებთ სოციალურ პროექტებს კომპანიის სახელით, ვცდილობთ გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება, ასევე კავშირები, რათა სწორად წარმოვაჩინოთ რეგიონი და დავაინტერესოთ გურიის მხარით პოტენციური ინვესტორებიც. ამ მუშაობის შედეგია, USAID-ისთან გუშინ გაფორმებული მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაფართოებაზე ერთობლივად ვიზრუნებთ და გურიაში მაღალი ბიუჯეტის მქონე ტურისტების მოზიდვაზე”, - განაცხადა კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ.

“რეგიონში ტურისტული მარშრუტის “ჩაის გზა” შექმნით, უდავოდ მოხდება როგორც ადგილობრივი, ასევე ქვეყნის მასშტაბით მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობა, ასევე მაღალი ღირებულების, გამოცდილი საერთაშორისო ტურისტების მოზიდვა და აღნიშნული რეგიონით მათი დაინტერესება. სწორედ ამიტომ ჩვენი პროგრამა თანამშრომლობს კომპანია CEHH – თან, რომ შექმნას ახალი შესაძლებლობები და სერვისები, რომლითაც ხელს შევუწყობთ ქვეყანაში ტურისტული პროდუქტებისა და და სტუმართმასპინძლობის მეტად წარმოჩენას”, - აღნიშნა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა.

ტურისტული მარშრუტი “ჩაის გზა”, ადგილობრივი ხელისუფლების და კერძო სექტორის ინიციატივაა. ჩაის გზის ტურისტული პროექტის დაარსება რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა: პირველი ის, რომ ჩაის ნერგი საქართველოს ტერიტორიაზე პირველად სწორედ ოზურგეთში, ჯერ კიდევ 1847 წელს დაირგო და ასე დაიწყო ამ კულტურის გავრცელება მთელს საქართველოში და მეორე, მნიშვნეოვანი კომპონენტია ის გარემოება, რომ ჩაი ერთადერთი კულტურაა, რომელიც 6 თვის განმავლობაში (აპრილი – სექტემბერი) იძლევა ვეგეტაციას, ეს კი უნიკალური საშუალებაა ამ პერიოდის მანძილზე ჩამოსული ტურისტისთვის თავად მიიღოს მონაწილეობა მის კრეფაში და მომზადებაში.