მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ადამიანური კაპიტალის დეფიციტია“ - როგორ პასუხობს PACE ჯგუფი გამოწვევას?

627ec6d5a6faf
თელარა გელანტია
14.05.22 12:00
1448
PACE ჯგუფში შემავალი კომპანია „ტრანსფორდის“ აღმასრულებელი დირექტორის ვასილ მაზიაშვილის შეფასებით, საზღვაო-სატრანსპორტო სექტორში მუშახელზე მოთხოვნა მაღალია, მაგრამ პროფესიონალი კადრების დეფიციტია, რაც ბიზნესს დამატებითი ინვესტიციების განხორციელებისკენ უბიძგებს.

ამის შესახებ ვასილ მაზიაშვილმა „საქმიან დილაში“ განაცხადა, სადაც USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ დეტალებზე ისაუბრა.

საქმე ის არის, რომ PACE ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „ტრანსფორდი“, რომელიც „ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში“ ოპერირებს, აცხადებს მიღებას მოკლევადიან სატრენინგო პროგრამებზე: სატვირთო ოპერაციების შემსრულებელი დოკერი და ჰიდრავლიკური თვითმავალი სახსრულ-ისრიანი ამწეს მძღოლ-ოპერატორი.

კურსის ხანგრძლივობა 6 კვირაა, მათ შორის 3 კვირა თეორიულ ნაწილს მოიცავს ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში, 3 კვირა - კი პრაქტიკას შპს „ტრანსფორდში“.

აღსანიშნია, რომ სასწავლო კურსის ღირებულება 300 ლარია, თუმცა პირველ ნაკადს შპს „ტრანსფორდი“ დააფინანსებს.
მსმენელების მიღება 16 მაისს დასრულდება.

როგორც „ტრანსფორდის“ დირექტორმა აღნიშნა, მსგავსი გადამზადების კურსები მომავალშიც გაგრძელდება, რადგან პროფესიონალი კადრების მომზადება PACE ჯგუფის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„როდესაც დავიწყეთ ზრუნვა იმაზე, თუ როგორ შეგვეცვალა ბაზარზე არსებული ვითარება, რათა მეტი პროფესიონალი კადრი გვყოლოდა, ზუსტად მაშინ გამოჩნდა USAID-ის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ვფიქრობთ, 50-60-მდე ადამიანს უფასოდ გადავამზადებთ. სასწავლო კურსი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან და ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრთან ერთად შემუშავდა.

აღსანიშნია, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა რეგიონზე დიდი დატვირთვა გამოიწვია. კიდევ უფრო მეტად გაიზარდა მოთხოვნა კადრებზე და ეს ბიზნესს გვიბიძგებს როგორც დამატებითი ინვესტიციებისკენ, რომ ჩვენი კორიდორისკენ წამოსულ ტვირთებს ხარისხიანად მოვემსახუროთ, ასევე იწვევს დამატებითი ადამიანური კაპიტალის საჭიროებას. ფაქტობრივად, ძალიან სწორ დროს დაიწყო ეს პროგრამა და იმედი მაქვს, ბევრი პროფესიონალი შემოუერთდება ბაზარს“, - თქვა ვასილ მაზიაშვილმა.