მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომიტეტი პესტიციდებისა და ქიმიური ნივთიერებების გამოყენების კონტროლის თემაზე მოკვლევას ჩაატარებს

62026b2dda14e
ინგა მურუსიძე
08.02.22 17:06
533
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების საკოორდინაციო ონლაინ შეხვედრაში, რომელიც ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებას ეხებოდა.

„ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველომ თავის თავზე აიღო მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ვალდებულებები, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ქიმიური ნივთიერებების მართვა. დაგეგმილ საკანონმდებლო რეფორმებთან ერთად ჩვენ ასევე სრულიად ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ ახალი საკანონმდებლო ბაზა არ არის საკმარისი და აუცილებელია მათი ეფექტიანი აღსრულება. ამ კუთხით მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთის, შვედეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს გამოცხადებული მხარდაჭერისთვის და ამ სფეროში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტებისთვის.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი გეგმავს თემატური მოკვლევის ჩატარებას თემაზე „პესტიციდებისა და ქიმიური ნივთიერებების გამოყენების კონტროლი“, რაც არსებული ვითარების შესწავლას და გაანალიზებას მოიცავს, რომ გამოვლინდეს შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობის შედეგად გამოწვეული ხარვეზები და პრობლემები.

ეს პროცესი მოიცავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ასევე ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის ბიზნესისა და საჯარო სექტორის ჩართულობას და შესაბამისი რეკომენდაციების მიღებას, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს პესტიციდებისა და ქიმიური ნივთიერებების მდგრადი მართვის ეფექტური სისტემის შექმნას. აღსანიშნავია, რომ დონორ ორგანიზაციებთან თემატური მოკვლევის განხორიცელების შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და კომიტეტი თემატურ მოკვლევას მიმდინარე წელს დაიწყებს“, - განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.