29.ივლისი .2021 20:32

AstraZeneca-ს COVID-ვაქცინების გაყიდვები გაეზარდა

AstraZeneca-ს COVID-ვაქცინების გაყიდვები გაეზარდა
views 326
უკან

ფარმაცევტულმა კომპანია AstraZeneca-მ მეორე კვარტალის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიის COVID-ვაქცინების გაყიდვები თითქმის გასამმაგდა პირველ კვარტალთან შედარებით და 894 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა პრეპარატს აშშ-სგან ავტორიზაცია ჯერ კიდევ არ მიუღია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც კომპანია აცხადებს, AstraZeneca აშშ-სგან ვაქცინის ავტორიზაციას მიმდინარე წლის მეორე კვარტალიდან ელოდება ნაცვლად ადრე დაანონსებული პირველი კვარტალისა.

გამოცემა წერს, რომ AstraZeneca-მ და მისმა პარტნიორმა მწარმოებელმა ინდოეთიდან Serum Institute-მა 170-მდე ქვეყანას 1 მილიარდი ვაქცინა მიაწოდეს, ხოლო კომპანიის შემოსავალმა პირველ 6 თვეში 1.17 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

როგორც AstraZeneca აცხადებს, მხოლოდ 319 მილიონი დოზა ვაქცინა გაყიდა, რომლის საშუალო ფასიც 3.7 აშშ დოლარით განისაზღვრა. კომპანია აცხადებს, რომ პანდემიის დროს ვაქცინის კომერციული მიზნებით გამოყენებას არ განიხილავს და მიმდინარე წელს ვაქცინიდან მიღებულ შემოსავლებს არ დაეყრდნობა.

აღსანიშნავია, რომ AstraZeneca-სგან განსხვავებით ვაქცინის გაყიდვებიდან მნიშვნელოვნად იხეირა მისმა კონკურენტებმა Pfizer-მა, Moderna-მ და Johnson & Johnson-მა, რომლებმაც ვაქცინების გაყიდვებიდან შესაბამისად 33.5 მილიარდი აშშ დოლარი, 19.2 მილიარდი აშშ დოლარი და 2.5 მილიარდი აშშ დოლარი მიიღეს.