მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AstraZeneca-თი ვაქცინაცია შეფერხებულია, სამინისტრო მიზეზებს იკვლევს - რას ამბობენ კლინიკები?

60d1fca117de3
სალომე მეცხვარიშვილი
22.06.21 21:00
1088
მეორე დღეა საქართველოში Covid-19-ის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა შეფერხებებით მიმდინარეობს. ასაცრელად დარეგიტრირებული მოქალაქეების დიდი ნაწილი გუშინ და დღეს ვერ აიცრა - ნაწილი წინასწარ გააფრთხილეს, ნაწილი კი კლინიკიდანვე გამოაბრუნეს.

NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინის დოზების დეფიციტი ლოგისტიკურ პრობლემებთან არის დაკავშირებული და ამაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თავის წილ პასუხისმგებლობას გრძნობს. გამყრელიძე ამბობს, რომ დოზების "გაქრობასთან" დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაწყებულია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, როგორია ვაქცინების მიწოდების პროცესი. მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არის ე.წ. საწყობი, საიდანაც ვაქცინები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს მიეწოდება, რომლებიც თავის მხრივ დოზებს კლინიკებს აწვდიან.

სად იყო “ხარვეზი ან შეცდომა”, ამას ჯანდაცვის სამინისტრო დაადგენს. თავად კლინიკები კი აღრიცხვაში ასეთ მასშტაბურ შეცდომებს გამორიცხავენ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ისინი ვაქცინაციის მხოლოდ ტექნიკური შემსრულებლები არიან: მიდიან, მოქალაქეთა რეგისტრაციის შესაბამისად, კონკრეტული რაოდენობის ვაქცინას იღებენ და ბრუნდებიან. 21 ივნისს კი პირველად დაგვიანდა ვაქცინების მიტანა კლინიკაში, თუმცა, აქ ირწმუნებიან, რომ მათი მხრიდან არანაირი შეფერხება არ ყოფილა.

რაც შეეხება ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკას, სადაც ასევე აქტიური აცრები მიმდინარეობს, სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხვაში პრობლემას პრაქტიკულად გამორიცხავენ.

“AstraZeneca-ზე მსგავსი პრობლემა ძნელად წარმოსადგენია, რადგან ვიცით თითო ყუთში რამდენი დოზაა, რამდენი ჯავშანია და ამის მიხედვით მოგვაქვს ვაქცინები კლინიკაში. ერთ ამპულაში არის 10 დოზა და შემთხვევითი ადამიანი ვერაფრით აიცრება. იმდენად კონტროლდება ეს ყველაფერი, რომ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება…”,- ამბობს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი მაია მახარაშვილი.

მისი აზრით, მთავარი პრობლემა შექმნა იმ გარემოებამ, რომ ქვეყანამ დათქმულ დროს საკმარისი რაოდენობის ვაქცინები ვერ მიიღო. საავადმყოფოს ხელმძღვანელის ვარაუდით, ხელისუფლებას ჰქონდა მოლოდინი, რომ ქვეყანაში ვაქცინები ჩამოვიდოდა, ამიტომ მეორე დოზისთვის განკუთვნილი აცრები გახარჯეს, რადგანაც ვაქცინაზე მოთხოვნა იზრდებოდა და ამ პროცესის შეფერხება არ სურდათ.

“იყო მოლოდინი, რომ შემოვიდოდა კონკრეტული რაოდენობის ვაქცინები კონკრეტულ თარიღში, ამიტომ (საკოორდინაციო საბჭომ) არ შეაფერხა პირველადი აცრები. თუმცა, შემდეგ ვაქცინის შემოტანაზე გარკვეული პრობლემები დაფიქსირდა…”,- აცხადებს მაია მახარაშვილი.

იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ რომელიმე კლინიკას რაიმე შეეშალა.

“ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა შეგვეშალა, მაგრამ ამის შემდეგ აუცილებლად წერილობით მიმართავთ და აფიქსირებთ, რომ გქონდათ ხარვეზი. საუბარი შეიძლება იყოს 1 ფლაკონზე და არა ამაზე მეტ დოზაზე…

ვერ გეტყვით კლინიკების პასუხისმგებლობა რა დონეზე იქნება დაყენებული, მაგრამ თუ არის კლინიკა, რომელიც არ მიუდგა ამას პასუხისმგებლობით, ამას რეაგირება მოჰყვება”,- აცხადებს ივანე ჩხაიძე.

მისივე მოსაზრებით, შეფერხება შეიქმნა იმის გამო, რომ ქვეყანაში დაპირებულ დროს ვაქცინა არ შემოვიდა.

“ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როცა ვაქცინას ელოდები, ამის უკან რამდენიმე ორგანიზაციის დადებითი პასუხი დგას, რომ ვაქცინა აუცილებლად ჩამოვა - ეს შეიძლება იყოს მწარმოებელი, unicef ან სხვა ორგანიზაცია. ამ პროცესში ბევრი სტრუქტურაა ჩართული და როცა ყველა ეს სტრუქტურა გპირდება, რომ საქართველოში კონკრეტულ რიცხვში ვაქცინა შემოვა, ძალიან რთულია, არ დაუჯერო და არ ააგო ვაქცინაციის კამპანია ამ შეთანხმებაზე. იმედი გვქონდა, რომ COVAX-პლატფორმა დროულად შემოიტანდა ვაქცინას საქართველოში”,- აცხადებს ივანე ჩხაიძე.