მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ატაშეს ნაცვლად დესპანი - 2018 წელს დაანონსებულ თემაზე კანონში ცვლილება ახლა შეაქვთ

5ec6704d8ff26
ინგა მურუსიძე
21.05.20 16:25
1198
„გვეყოლება საგანგებო დავალებათა ეკონომიკური დესპანები - ჩვენ შეგნებულად ავწიეთ დონე“, - ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში გააკეთა.

მაშინ ზალკალიანმა კომერციული ატაშეების თემის კომენტირებისას თქვა, რომ კომერციული ატაშის ინსტიტუტს სახელი და შინაარსი შეეცვლებოდა და მათ ეკონომიკური დესპანები დაერქმეოდათ.

2019 წლის აგვისტოში მინისტრი გვარწმუნებდა, რომ შერჩეული კანდიდატები ინტენსიურ კურსს გადიოდნენ, თუმცა მისი დასახელებისგან თავი შეიკავა. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, bm.ge-მ კანდიდატების ვინაობის გაგება ოფიციალურად ვერ შეძლო.

როგორც ჩანს, მთავრობამ 2 წლის შემდეგ, სწორედ საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე გადაწყვიტა საკითხის ინიცირება პარლამენტში და დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარადგინა კანონის პროექტი, რომლის თანახმად, ცვლილება შედის დიპლომატიური წარმომადგენლობის შესახებ კანონში.

დღეს წარდგენილი ცვლილებით ირკვევა, რომ ოფიციალური თბილისი ეკონომიკური დესპანის ქვეყნიდან წარგზავნას არ გეგმავს და სავარაუდოდ, მისი მოქმედების ზონაში მყოფ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური მოლაპარაკებების წარმოების ფუნქცია ელჩებს, ან მის მოადგილეებს, დესპანებს დაეკისრებათ.

„ხანგრძლივი მსჯელობის, სხვადასხვა ქვეყნებთან კომუნიკაციის, არსებული პრაქტიკის შესწავლის შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ კომერციული ატაშეს ინსტიტუტი ჩაანაცვლებული იქნას უფრო მაღალი დონის პირის, როგორიც არის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, იქნება ეს ელჩის, თუ მისი მოადგილის, დესპანის დონეზე, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო განვავითაროთ მუშაობა სხვადასხვა ქვეყანასთან. ატაშეს თანამდებობა ყველაზე დაბალი თანამდებობაა, ამიტომ როცა ვსაუბრობთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე სხვადასხვა ქვეყნებთან, ამ მიმართულებით ძააალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მომუშავე პირს მაღალი წარმომადგენლობა ჰქონდეს.

იქნება ეს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე. ამიტომ, გთავაზობთ, რომ კანონში, რომელიც 2016 წელს იყო ინიცირებული, შეიცვალოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცეს შესაძლებლობა, შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მომუშავე მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირებს დააკისროს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამ ფუნქციების შესრულება“, - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე.

თოთლაძემ სხდომაზე თქვა, რომ ატაშე არის ზღვრულად ყველაზე დაბლა მდგომი თანამდებობის პირი და არც ერთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი, მათ შორის ბიზნეს კომპანია არც კი შეხვდება და არც დაელაპარაკება მას.

„ამ უხერხულობას დღეს ქმნის კანონი და ჩვენ ვთვლით, რომ როცა ვსაბრობთ ინვესტიციების მოზიდვაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაზე, საჭიროა ეს ფუნქცია პირდაპირ უნდა იყოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ან მისი მოადგილის დონეზე“, - განაცხადა თოთლაძემ.

მინისტრის მოადგილეს დღეს არ განუმარტავს, რა ბედი ეწევათ ადამიანებს, რომლებიც როგორც დავით ზალკალიანმა 2018 წელს თქვა, სწავლებას გადიოდნენ.

შეგახსენებთ, კომერციული ატაშეების კონკურსი გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, მიმდინარე წლის 6 მარტს გამოაცხადა. აპლიკანტებისგან განაცხადების მიღება კი, აპრილში დასრულდა.

მთავრობას კომერციული ატაშეების დანიშვნა 6 ქვეყანაში სურდა - ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკაში, დიდ ბრიტანეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, თუმცა ქვეყანას, ინვესტიციების მოზიდვის მოვალეობის შემსრულებლები, არცერთ აქ ჩამოთვლილ ქვეყანაში ამ დრომდე არ ჰყავს.

ცნობისთვის: ეკონომიკური დიპლომატია აქტუალური რამდენიმე დღის წინაც გახდა, როცა გიორგი გახარიამ ელჩებთან ვიდეო-კონფერენცია გამართა და მათ საქართველოს, როგორც covid-უსაფრთხო ქვეყნის პოპულარიზაციაზე დავალებები მისცა.

Bm.ge აღნიშნული საკითხის ირგვლივ მეტი დეტალის გარკვევას ცდილობს.