მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები მკაცრდება

5e2715a08be90
თათია ჩაფიჩაძე
22.01.20 10:00
768
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მუშაობა უკვე დაასრულა.

როგორც გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის უფროსმა დიმიტრი ღლონტმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების დარღვევისთვის, ჯარიმები 5 ათასიდან 45 ათასი ლარის ფარგლებში იქნება.

„მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე, იმედია, დამტკიცდება და ეს ითვალისწინებს ცვლილებებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. დღეს არსებული კანონმდებლობით, თუ მოხდა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერების ზღვრულად დასაშვებ ნორმაზე მეტად გადამეტება, სუბიექტი ჯარიმდება 500-დან 100 ლარამდე, რომელსაც არავითარი შემაკავებელი ეფექტი არ აქვს. მათ უღირთ ჯარიმის გადახდა, ვიდრე ძვირდღირებული დანადგარების შეძენა. აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ეს სანქციები იზრდება თუ ხუთჯერადად გადაამეტებს, ჯარიმა იქნება 5 000, თუ 5-დან 10-მდე -15 000 ლარი და 10-დან ზევით გადამეტების შემთხვევაში, ჯარიმის მოცულობა 45 ათასით განისაზღრება. განმეორების შემთხვევაში ეს თანხები ორმაგდება და იმედს ვიქონიებთ, რომ შედეგი იქნება”, - აღნიშნა ღლონტმა.