მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები არ გადავადდება - მინისტრი

6086f3c6b6afb
თამთა ჯიჯავაძე
26.04.21 23:20
591
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები არ გადავადდება და პირველი ივნისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მას ესმის რომ ეს ბიზნესისთვის რთულია, თუმცა, სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისათვის, რომ მათ ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და პროცედურებში გარკვევაში დაეხმაროს.

„ეს ძალიან რთულია. თუმცა, არცერთი მსხვილი მნიშვნელოვანი რეფორმა ერთ დღეში არ დანერგილა. ჩვენ გვესმის ბიზნესის. ჩვენი სპეციალისტები, თანამშრომლები ბიზნესთან მართავენ შეხვედრებს, რომ მათ კონკრეტული პარამეტრებისა და ტექნიკური გადაწყვეტის გზებში დავეხმაროთ, თუ როგორ მოხდეს ახალი ტექნოლოგიების დანერგვა იმისთვის, რომ ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევები შემცირდეს. რა თქმა უნდა, ამას რაღაც დრო დასჭირდება, მაგრამ ბიზნესს გვერდში ვუდგავართ, რათა ეს პროცესი მარტივად, ერთად გავიაროთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ბევრმა კომპანიამ წინმსწრებად თადარიგი დაიჭირა, რის შედეგადაც მინისტრი იმედოვნებს, რომ ისინი მოასწრებენ ახალი სისტემების დამონტაჟებას.

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები საწარმოების მიერ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების თვითმონიტორინგის გაუმჯობესებას, გაფრქვევების უწყვეტი მონიტორინგის სისტემის დანერგვას და შესაბამის აღსრულების მექანიზმებს ითვალისწინებს. კანონის მიზანი კერძო სექტორისთვის გასაგებია, თუმცა არსებული კრიზისული ფონისა და შეზღუდული ვადების გათვალისწინებით, ბიზნესი კანონში ცვლილებების ამოქმედების გადავადებას უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს.