მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუცილებელია ახალი ნავსადგურების მშენებლობა...ვაგვიანებთ - "სოფმარის" დამფუძნებელი

6252b0fd9fe7e
გიორგი თოლორდავა
10.04.22 15:13
1386
„საჭიროა ახალი ნავსადგურების მშენებლობა, რადგან ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები მოძველებულია. გარდა ამისა, ფოთს სხვა პრობლემებიც აქვს - ის აღარ არის ღრმაწყლოვანი, 9 მეტრის სიღრმეს ძლივს ვინარჩუნებთ, რაც არ არის 40,000-ტონიანი გემების მისაღებად საკმარისი. საქართველოსა და რეგიონისთვის აუცილებელია ახალი ნავსადგურების მშენებლობა“, - განაცხადა საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიის „სოფმარის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ ალანიამ Forbes Talks-ის ეთერში.

მისი თქმით, თავის დროზე ანაკლიის პორტის დაპაუზებით, საქართველომ უკვე დააგვიანა. ნავსადგურის მშენებლობისთვის კი 1 და ორი წელი შესაძლოა, საკმარისი არ იყოს.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რომ ყოფილიყო, მდგომარეობა იმაზე გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ვიდრე დღეს არის. მშენებლობის პროექტის თანახმად, ანაკლიის პორტი 100 მილიონ ტონაზე იყო გათვლილი, რაც დაახლოებით ილიჩევსკის ნავსადგურის მოცულობაა - ამის ნახევარი ან მესამედიც კი რომ ყოფილიყო, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა, როგორც საქართველოსთვის, ასევე ყაზახეთისა და სხვა აზიური ქვეყნებისთვის“, - განაცხადა ვახტანგ ალასანიამ.

„სოფმარის“ დამფუძნებლის შეფასებით, ანაკლიის პორტი არა მარტო გაზრდიდა საქართველოს ტვირთბრუნვის შესაძლებლობებს, არამედ ის ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში კონკურენტუნარიანი ფასების ჩამოყალიბებასაც შეუწყობდა ხელს.

„ბათუმის ნავსადგური თხევად ტვირთზეა გათვლილი, ფოთის კი - მშრალ ტვირთზე. სხვა ნავსადგურები არ გვაქვს და ფოთსა თუ ბათუმს არ ჰყავთ კონკურენტები. კონკურენციის არარსებობის პირობებში, რა თქმა უნდა, ფასები მაღალია. ანაკლიის პორტი შექმნიდა კონკურენციას და ფასებიც იქნებოდა უფრო რეალური და ბიზნესისთვის მისაღები“, - განაცხადა ალასანიამ.