მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აუცილებლად მიმართეთ ვაქცინაციის კაბინეტებს“ - ივანე ჩხაიძე მშობლებს მიმართავს

646f37429c2a5
სალომე ხიდურელი
25.05.23 14:25
600
„ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ქვეყანაში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის მოცვის თვალსაზრისით“, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, წითელას საწინააღმდეგო აცრების მოცვის მაჩვენებლით საქართველოს ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი პანდემიამდე ჰქონდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია.

„პანდემიამდე, 2019 წელს, საქართველოში წითელას პირველი დოზა ერთი წლის ასაკის ბავშვთა მოსახლეობის 100%-ს გაუკეთდა, 5 წლის ასაკში მეორე აუცილებელი დოზა 97%-ს და ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით. ახლა, 2022 წელს ჩვენ მეორე დოზით მოცვის მაჩვენებელი გვაქვს 78%, ძალიან დაბალი მაჩვენებელია და ქვეყანაში 10 000 ბავშვი წითელას ვაქცინის მეორე დოზის გარეშე გვყავს.

ეს არის დაყოვნებული მოქმედების ნაღმი, თუ ჩვენ ვერ გამოვასწორეთ მდგომარეობა, თუ მშობლებმა არ გაითვალისწინეს წითელათი ინფიცირების დროს გართულებების და გარდაცვალების ძალიან მაღალი რისკი და არ მიმართეს ვაქცინაციის კაბინეტებს, ჩვენ შეიძლება, უახლოეს მომავალში, გვქონდეს წითელას აფეთქება, რაც გაცილებით უფრო მძიმე იქნება ვიდრე ჩუტყვავილას შემთხვევების მატება“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, 2023 წელს წითელას სულ 7 შემთხვევა დაფიქსირდა, გასულ წელს კი 12, თუმცა აუცრელი ბავშვების დიდი რაოდენობა შემთხვევების მატების რისკს ზრდის.

„ამიტომ მინდა, რომ მშობლებმა გაითვალისწინონ ეს მდგომარეობა და აუცილებლად მიმართონ ვაქცინაციის კაბინეტებს და არ ჩათვალონ, რადგან 5 წლის ასაკში გამოტოვეს ვაქცინა, ახლა გვიანი არის, ნამდვილად არ არის გვიან. ნებისმიერმა ბავშვმა, რომელსაც ან 1 წლის ასაკში (ასეთი 3000 ბავშვი გვყავს) ან 5 წლის ასაკში (10 000 ბავშვი) წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა არ ჩაუტარებია, აუცილებლად მიმართონ ვაქცინაციის კაბინეტებს“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.