მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტი დასრულდა - მთავრობა "საქართველოს ფოსტას" საპრივატიზაციოდ ამზადებს

5e44fc3b4ce5c
ინგა მურუსიძე
13.02.20 12:00
2378
მთავრობა „საქართველოს ფოსტას“ საპრივატიზაციოდ ამზადებს.

როგორც bm.ge-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, უკვე დასრულებულია ფოსტის აუდიტი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

აღსანიშნავია, რომ აუდიტის დასკვნა ამ ეტაპზე საჯარო არ არის, შესაბამისად, უცნობია, რა ფასად შეაფასა აუდიტორულმა კომპანიამ „საქართველოს ფოსტა“.

შეგახსენებთ, მთავრობა რომ „საქართველოს ფოსტის“ პრივატიზებას გეგმავდა, ამის შესახებ ეკონომიკის უკვე ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ 2018 წლის ნოემბერში Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

2017 წლის ანგარიშგების მიხედვით, სახელმწიფო ფოსტის აქტივები 72.861,000 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კომპანიის გასაყიდი ფასიც შესაძლოა დაახლოებით ამდენივე იყოს.

ფინანსური დოკუმენტიდან ირკვევა ისიც, რომ ფოსტა ზარალზეა. 2017 წელს კომპანიის ბრუნვა 22%-ით გაიზარდა და მან 86.7 მილიონ ლარს მიაღწია, თუმცა კომპანიას მარაგების შესყიდვა - 30 მილიონი ლარი, პერსონალის ხარჯი - 23.5 მილიონი ლარი, ცვეთა - 3.3 მილიონი ლარი, ხოლო სხვა ხარჯები კი, 30 მილიონი ლარი დაუჯდათ.

საოპერაციო საქმიანობაში ფოსტამ 1.5 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. კომპანიას აგრეთვე სხვა შემოსავალიც ჰქონდა, რაც კომპანიის ანგარიშებზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვას უკავშირდებოდა. საერთო ჯამში, ფოსტის მთლიანი ზარალი 2017 წელს 330,000 ლარი იყო.

„საქართველოს ფოსტამ“ საქმიანობა 2016 წელსაც ზარალით დაასრულა. მაშინ კომპანიის ფინანსური ზარალი 2.2 მილიონი ლარი იყო.

„საქართველოს ფოსტა“ სახელმწიფო კომპანიას წარმოადგენს. 1995 წელს დაფუძნებული კომპანია დღეს საქართველოში საფოსტო და საამანათო გზავნილების მიწოდებას ახდენს.