მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტი: საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ზამთარში ჩატარებული სამუშაოები ხარვეზიანი იყო

5eda853c87307
თამთა ჯიჯავაძე
05.06.20 21:45
1057
ზამთრის პერიოდში განხორციელებული სამუშაოები ხასიათდებოდა ხარვეზებით, – ამის შესახებ საუბარია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გზების მოვლა-შენახვისა და რეაბილიტაციის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში. დოკუმენტის მიხედვით, სტანდარტული ხელშეკრულებები, რომლებსაც დეპარტამენტი წლების განმავლობაში აფორმებდა კონტრაქტორებთან, შეიცავდა ზოგად განმარტებებს, რის შედეგად, რთულდებოდა შესრულებული სამუშაოების ხარისხის გადამოწმება. ამასთანავე, დეპარტამენტი 2014−2018 წლებში სისტემატურად არ ახორციელებდა დანერგილი კონტროლის მექანიზმის მონიტორინგს, რაც ზრდიდა სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების რისკს.

„ზამთრის პერიოდში გზების მაღალი გამავლობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მათი გაწმენდა ყინულისა და თოვლისგან, რადგან ამ დროს იზრდება მოცურების და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა. ყინულის გასალღობად საქართველოში დღესდღეობით გამოიყენება მარილისა და ქვიშის კონცენტრატები, რაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიჩნეულია ყინულის წინააღმდეგ ერთ­ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებად. ზამთრის პერიოდში მოვლა­შეკეთებისთვის გამოსაყენებელ ქვიშა­მარილის ნარევის პროცენტულობა და ქვიშის ფრაქციის ზომები განსაზღვრულია სტანდარტულ ხელშეკრულებებში. მარილის გამოყენება საჭირო მოცულობებით და სათანადო მეთოდებით უზრუნველყოფს გზებზე უსაფრთხო გადაადგილებას.

დეპარტამენტი ზამთრის სეზონის დაწყებას, სტანდარტულად, 15 ნოემბრიდან აცხადებს, რის შესახებაც ატყობინებს ზონების კონტრაქტორებს და თითოეული მათგანი, მოვლა­შენახვის სათანადოდ განხორციელების მიზნით, ვალდებულია მოახდინოს შესაფერისი ტექნიკისა და ქვიშა-მარილის მარაგების მობილიზაცია და 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლა“, – წერია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტი ასევე აღნიშნავს, რომ დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააფიქსირეს შემთხვევები, როდესაც კონტრაქტორები არ იყვნენ მომზადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, რის გამოც დაჯარიმდნენ. ჯარიმა შეეხო როგორც შემსრულებელ, ასევე ზედამხედველ კომპანიებს.

„ხელშეკრულების პირობა მანქანა-მექანიზმების შესახებ მოიცავდა ზოგად განმარტებას მათი ასაკის თაობაზე − „პოსტსაბჭოთა წარმოების“. შესაბამისად, ასეთი პირობა დასაშვებს ხდიდა გამოყენებული ყოფილიყო 22-25 წლის მძიმე ტექნიკაც. სამინისტროს შიდა აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ტექნიკა იყო მოძველებული, ზოგ შემთხვევაში − დაზიანებული და შეუფერებელი გზის გაწმენდისთვის. შესაბამისად, ასეთი ამორტიზებული ტექნიკის გამოყენება ზრდიდა გზის საფარის დაზიანების ალბათობას და რისკს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, კონტრაქტორი ვერ უზრუნველყოფდა შესაბამისი საგზაო სამუშაოების განხორციელებას დროულად და ხარისხიანად“, – წერია აუდიტის ანგარიშში.